მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  თებერვალი  2018

    მეტროსადგურში მხოლოდ მყარი კონსტრუქცია უნდა გამოიყენებოდეს

    ახალგაზრდა არქიტექტორი ლელი შევჩენკო, თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში დაშვებული სამშენებლო ხარვეზის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ “ვარკეთილში” მომხდარმა ინციდენტმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობს საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის კონკურენტული გარემო და დაკვეთა პირადი გემოვნების მიხედვით სრულდება.


    ​საზოგადოებრივ სივრცეში, მით უმეტეს, მიწისქვეშა მეტროსადგურში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხოლოდ მყარი კონსტრუქცია და არააალებადი მასალა გამოიყენებოდეს, რათა გაუძლოს ტემპერატურულ ცვლილებასა და მეტროსთვის დამახასიათებელ ვიბრაციას.


    “რაც ვნახეთ ვარკეთილის მეტროსადგურის შემთხვევის დროს, სრულიად წარმოუდგენელია. გამოყენებულია თაბაშირ- მუყაოს კონსტრუქცია, რაც ძალიან მყიფეა და რეკომენდირებულია მხოლოდ პატარა სივრცეებისთვის, კერძო სახლი, ოფისი, პატარა ბინის გასარემონტებლად, ასევე წარმოუდგენელია, როგორ იქნა მიღებული ექსპლუატაციაში ასეთი გარემონტებული და როგორ ჩათვალა კომისიამ დამაკმაყოფილებლად ამგვარად შესრულებული სამუშაო?!”, – აცხადებს ლელი შევჩენკო.
    ​მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ცდილობენ მეტროპოლიტენის სადგურები ლამის ხელოვნების ნიმუშად აქციონ, საქართველოში ელემენტარული სამშენებლო ნორმების დაცვის პრობლემა დგას.


    “დღეს, როდესაც იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკისა და რუსეთის მეტროპოლიტენის სადგურებში ცდილობენ საინტერესო დიზაინისა და კონცეფციის სივრცეების შექმნას, იყენებენ უამრავ ინოვაციურ, ნოვატორულ იდეას და მეტროსადგურს ხელოვნების ნიმუშად ქმნიან, ჩვენთან – საქართველოში არ ვიცავთ ელემენტარულ სამშენებლო ნორმებს. არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, მით უმეტეს მიწისქვეშა მეტროსადგურში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გამოყენებულ იქნას მხოლოდ მყარი კონსტრუქცია”, – აცხადებს არქიტექტორი.


    ​მისივე თქმით, ​საზოგადოებრივი სივრცის დაპროექტება და გარემონტება პასუხიმგებლობის მთელი ჯაჭვია და თუ რომელიმე რგოლი სუსტია, მთელი ჯაჭვი იშლება. “აქ მხოლოდ შემსრულებლის შეცდომა არ არის. შეცდომა დაუშვა შემმოწმებელმა კომისიამაც. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობს მემორიალის, ნაგებობის და აშ. საზოგადოებრივი სივრცის კონკურსები, კომპეტენტური ჟიური, რომელიც პროფესიონალურად შეაფასებს ნამუშევრებს, არადა წესით მხოლოდ შეფასების შემდეგ უნდა განთავსდეს ესა თუ ის ნაგებობა და მემორიალი საზოგადოებრივ სივრცეში, ჩვენთან კი უკუღმაა”, – აცხადებს ლელი შევჩენკო და ევროპული ქალაქების მაგალითი მოჰყავს, სადაც მეტროსადგურები თანამედროვე დიზაინითა არის გაფორმებული და იმავდროულად უსაფრთხოა.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები