სიახლეები
-
30 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამართა, ამჟამად ექიმები მათ სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ, რის ხარჯებსაც თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს.
"დღეს მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. მეტროსადგურ ვარკეთილში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი. ამჟამად ექიმები მათ სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ, რის ხარჯებსაც თავის თავზე თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს.
განახლებული მეტროსადგური ექსპლოატაციაში შევიდა სექტემბრიდან. ეს მეტროსადგური ახლად რეაბილიტირებული იყო. სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების უპასუხისმგებლობა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია "ყვარელრენმშენმა" და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 347 852 ლარს. ეს სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში.
განახლებული მეტროსადგური ექსპლოატაციაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში ეს შედეგი მივიღეთ. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ვიცი, გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა სამსახურებმა და არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რომ არ შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი",-განაცხადა კალაძემ.ტეგები