მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  იანვარი  2018

    როგორ აფასებენ დეველოპერები 41-ე დადგენილებას

    ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. მთავრობის 41-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, დეველოპერული ბიზნესს ახალი რეგულაციების შესრულება დაევალა, რაც მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების მკაცრად გათვალისწინებას გულისხმობს.



    დეველოპერები რეგულაციების ამოქმედებას სწორად მიიჩნევენ, თუმცა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დადგენილება ნაწილ-ნაწილ უნდა ამოქმედებულიყო, რომ ბიზნესი ცვლილებებს მომზადებული დახვედროდა. ასევე მიიჩნევენ, რომ არის პუნქტები, რომელთაც დახვეწა სჭირდება. დეველოპერთა ნაწილი კი ძირითად პრობლემად იმ სპეციალისტების დეფიციტს ასახელებს, რომლებიც არქიტექტურულ-ექსპერტულ დასკვნებს აკეთებენ.



    როგორც „კომერსანტს“ „GDG პლიუსის“ დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა, ბიზნესისთვის ახალ სტანდარტზე გადასვლა მარტივი არ ყოფილა.



    „მანამდე იყო გარკვეული განხილვები, მაგრამ გასული წლის პირველ იანვარს უეცრად ბევრი რეგულაცია ერთად შევიდა ძალაში. ბუნებრივია, ახალ სტანდარტებზე გადასვლა მარტივი არ იყო. რამაც დაბნეულობა შექმნა. ჩემი აზრით, რეგულაციების ამოქმედება ნაწილ-ნაწილ უნდა მომხდარიყო. არის პუნქტები, რომლებიც საკმაოდ მკაცრია. მეტად მომზადებულები რომ შევხედროდით, აღარ გაგვიჭირდებოდა“, - აცხადებს წაქაძე.



    მისივე თქმით, თავდაპირველად და ახლაც მთავარი პრობლემა სპეციალისტების ნაკლებობაა: „რეგულაციები ითხოვდა არქიტექტურულ დასკვნებს, რომლებიც ექსპერტს უნდა გაეკეთებინა. მერიამ ამ კუთხით მზადება მოგვიანებით დაიწყო. თავიდან არქიტექტორებიც ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ. ექსპერტის დასკვნა უნდა მიგეტანა და ამ დროს ექსპერტი არ იყო, ვინც ამ დასკვნას დაგიწერდა. თუმცა ახლაც მათი რაოდენობა არასაკმარისია, რის გამოც დასკვნების სწრაფად გაკეთება დროში ჭიანურდება“, - აღნიშნავს „GDG პლიუსის“ დამფუძნებელი.



    მისივე განმარტებით, 41-ე დადგენილების ამოქმედება და გარკვეული რეგულაციების შემოღება საჭირო იყო, რადგან უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია.

     

    „კარგია, რომ სტანდარტები შემოიღეს. რა თქმა უნდა, ამან ბიზნესს საქმე არ გაუადვილა, პირიქით გაართულა, თუმცა საჭირო იყო. თუნდაც ბოლო პერიოდში რამდენი ხანძარი მოხდა. ჯერ გამოძიება არ არის დასრულებული, მაგრამ ზოგიერთი შემთხვევა სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია“, -აცხადებს ბეჟან წაქაძე.



    კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი კი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული რეგულაციების შემოღებამ ბიზნესს ხარჯები გაუძვიროს.


    „ახალი რეგულაციები მომსახურებას გარკვეულწილად გააძვირებს. ჩვენს კომპანიას გასულ წელს მიმდინარე პროექტები ჰქონდა, თუმცა სამომავლოდ უკვე აღნიშნული რეგულაციებით ვიმოქმედებთ. დადებითი მხარე აქვს ის, რომ მეტი უსაფრთხოება, მეტი პასუხისმგებლობა იქნება, თუმცა ხარჯი გაგვეზრდება“, - აცხადებს ჯაყელი.



    მისივე თქმით, ახალ რეგულაციებს სახელმწიფოც მოუმზადებელი შეხვდა და ამაზე ექსპერტების დეფიციტიც მიუთითებებს.



    „არა მხოლოდ ბიზნესი, სახელმწიფოც არ არის მზად, ყველაფრის კონტროლზე აყვანა უცებ რომ მოხდეს. სპეციალისტების დეფიციტი გვაქვს. ასევე, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ კომპანიები ექსპერტთა ფირმებთან კონტრაქტს დადებენ, რომ უსაფრთხოების კუთხით მომსახურება გაუწიონ. ეს ფირმა რამდენიმე სამშენებლო კომპანიას მოემსახურება და პასუხისმგებლობასაც თავის თავზე აიღებს. ეს უფრო გაამარტივებს საქმეს. ყველა კომპანიამ და მათ შორის პატარა კომპანიამ უსაფრთხოების ცალკე კადრები რომ აიყვანოს, ეს უფრო რთული იქნება“, - აღნიშნავს არჩილ ჯაყელი.



    მისივე თქმით, 41-ე დადგენილება დასახვეწია: „დადგენილება დასახვეწია. საკმაოდ დიდი დოკუმენტია და ვფიქრობ, პრაქტიკაში რაც უფრო მეტად დაიწყება მისი გამოყენება, მით უფრო საჭირო გახდება მისი დახვეწა. მაგალითად, დადგენილებაში როგორც ევროპული, ასევე ამერიკული სტანდარტები. მათ შორის განსხვავება არის, ამიტომაც გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, უმჯობესი იქნება ერთიანი სტანდარტი შემუშავდეს“, - აცხადებს კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი.



    2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები