სიახლეები
-
13 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
2030 წლამდე თბილისში 6 საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს – გენგეგმა
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციით, დედაქალაქში კიდევ 10 ხიდი უნდა აშენდეს, მათ შორის 6 საავტომობილო, ხოლო 4 – საფეხმავლო. იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ხიდის ერთდროულად აშენებას დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ხიდების მშენებლობა დაყოფილია პრიორიტეტულობის მიხედვით – მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებად.
როგორც “სითი კვირას” გენგეგმის ჯგუფის წევრმა, არქიტექტორმა გოგი აბაშიძემ განუცხადა, პირველ რიგში საუბარია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი დამატებითი ხიდის აშენებაზე, ასევე, საპარკე არეალებში საფეხმავლო ხიდების მოწყობაზე. მაგალითად დიღმის ჭალებში. ეს რეკომენდაცია ასახულია გენგეგმის საბოლოო დოკუმენტშიც.
არქიტექტორის თქმით, დამატებითი საავტომობილო ხიდები უნდა აშენდეს ქალაქის იმ ნაწილში, რომლებიც გადატვირთულია საავტომობილო ნაკადებით, განსაკუთრებით იქ, სადაც მდინარის ერთი სანაპიროდან მეორეზე გადასვლის პრობლემა არსებობს.
“ვაშა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები უერთდება პეკინის ქუჩას, იმიტომ, რომ იქიდან გადასასვლელი არსად არის. უნდა გაიარო ახლო-მახლო ყველა კვანძი, გადაიტვირთოს ქუჩები. გენგეგმის რეკომენდაციაა, ასეთ ადგილებში ხიდები მოეწყოს, იმისათვის, რომ ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა მთლიანად განიტვირთოს”, – აცხადებს გოგი აბაშიძე.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხიდები იყოს, ქალაქის განივი უბნების დამაკავშირებელი ერთიანი სისტემის ნაწილი. ეს რეკომენდაცია, ასევე, ითვალისწინებს რკინიგზის ნაწილში განივი კავშირის მოწყობას.
“ხიდების აშენების მიმართულებით, ასევე, ცოტა უფრო რთულად განსახორციელებელი და გრძელვადიანი ღონისძიებებიც არის გასატარებელი. მაგალითად, იგივე ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილის გვირაბით დაკავშირება გოთუას ქუჩასთან და მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე გადასასვლელად ხიდის მოწყობა. ეს ყველაფერი ასახულია გენგეგმის მასალებში, განმარტებულია სატრანსპორტო ნაწილში”, – აცხადებს არქიტექტორი.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მდინარე მტკვარზე ამჟამად 8 საავტომობილო და ერთი საფეხმავლო ხიდი არსებობს. არქიტექტორების უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ დედაქალაქის სანაპიროებს შორის სრულყოფილი კავშირის დასამყარებლად, საჭიროა კიდევ რამდენიმე ხიდის აშენდეს.
საფეხმავლო ხიდებს რაც შეეხება, “სითი კვირას” კითხვაზე, რამდენად დატვირთული იქნება თბილისში საფეხმავლო ხიდები, მაშინ, როდესაც მდინარის სანაპიროსთან ქვეითს წვდომა არ აქვს, გოგი აბაშიძე განმარტავს, რომ გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ ქალაქის მოსახლეობასა და მდინარეს შორის კავშირის აღდგენაა. ამგვარად, ქალაქის გარკვეული ნაწილები გამოცოცხლდება და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცედ გადაიქცევა.
“ისეთი არეალებიც არსებობს, სადაც წვდომა შესაძლებელია, მაგრამ არ არის ათვისებული, რადგან ქალაქის მაცხოვრებლები მას ნაგავსაყრელად აღიქვამენ. მაგალითად, დიღმის ჭალები, სადაც სამშენებლო ნარჩენები იყრება. ამ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, კუნძულებსა და მდინარის ნაპირებს შორის საფეხმავლო ხიდის აშენება, გააერთიანებს ორივე სანაპიროს, შექმნის ერთიან სარეკრეაციო სივრცეს, რომელსაც ქალაქისთვის ძალიან მაღალი სარეკრეაციო ღირებულება ექნება, განსაკუთრებით წელიწადის თბილ და ცხელ სეზონზე”,- მიაჩნია არქიტექტორ გოგი აბაშიძეს.ტეგები