მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  იანვარი  2018

    m2-მა სასტუმრო KASS Boutique Hotel-ის 50%-იანი წილი იყიდა

    „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, BGEO ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სასტუმრო KASS Boutique Hotel-ის 50 პროცენტიანი წილი იყიდა. გარიგების შესახებ BGEO ჯგუფმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, თუმცა რომელი სასტუმროს წილში შევიდა, „m2 უძრავი ქონებამ“ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.


    დღეს სასტუმრო KASS Boutique Hotel-ში „კომერსანტს“ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთაწმინდაზე, ზაალ დუმბაძის ქუჩაზე (ყოფილი გერგეთის ქუჩა) 24-ში მშენებარე ბუტიკ-სასტუმროს წილი BGEO-ს შვილობილმა “m2 უძრავი ქონებამ” იყიდა. დამატებით დეტალებზე KASS Boutique Hotel-ში არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ინფორმაციისთვის „კომერსანტმა“ BGEO ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონებას“ უნდა მიმართოს.


    რაც შეეხება თავად, „m2 უძრავი ქონებას“, მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რაც ოფიციალურად BGEO ჯგუფის მიერ არის გავცელებული. კერძოდ, მათი ინფორმაციით, გარიგების ღირებულებამ 4.1 მლნ დოლარი შეადგინა. შეთანხმებით, კომპანიას აქვს შესაძლებლობა წილი 60%-მდე გაზარდოს, დამატებით 1,9 მილიონის გადახდის შემთხვევაში.




    m2-ში ელიან, რომ ამ შენაძენით მათ პორტფელს არანაკლებ 100 სასტუმრო ნომერი შეემატება. გეგმის მიხედვით, სასტუმრო ექსპლუატაციაში 2019 წლის პირველ კვარტალში შევა. სასტუმრო, რომელიც m2-ის პორტფელს დამატებით 100 ოთახს შესძენს, მთაწმინდაზე აშენდება - იქ, საიდანაც ქალაქზე ერთ-ერთი საუკეთესო პანორამული ხედი იშლება.


    სასტუმროს სამუშაოებს აწარმოებს BGEO-ს შვილობილი სამშენებლო კომპანია. სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო მშენებლობის დასრულება 2019 წლის პირველ მეოთხედშია დაგეგმილი. სასტუმრო ბუტიკის სტილის იქნება, სადაც ყურადღება გამახვილდება ღვინოსა და ე.წ. fine dining-ზე, რითაც ის ტურისტებისა და ქალაქის მაღალი სოციალური ფენის ინტერესს დაიმსახურებს.



    ირაკლი გილაური, BGEO-ს აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ „m2 უძრავი ქონება“ აგრძელებს შთამბეჭდავ წინსვლას ტურისტულ ბიზნესში, რაც ჩვენი სტრატეგიის საყრდენია. მას შემდეგ, რაც 2017 წელს საქართველოში ტურიზმი 27%-ით გაიზარდა, ჩვენ გვჯერა რომ ამ სექტორს მომავალში ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს. „m2“ აგრძელებს ამ მიმართულებით სვლას, ამ ძალზედ მიმზიდველ ბიზნესში ფულის დაბანდებას და თავისი სასტუმროების პორტფელის გაზრდას.“

    თბილისში ყველაზე პრესტიჟული ბუტიკ სასტუმრო KASS Boutique Hotelის გახსნა 2018 წელს იყო დაგეგმილი. პროექტი ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება. როგორც 2017 წლის მარტში KASS boutique hotel Group-ში რადიო „კომერსანტს“ განუცხადეს, სასტუმროში 81 ნომერი განთავსდება, საიდანაც 2 საპრეზიდენტო იქნება. სასტუმროში მოეწყობა სპა ზონა, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და ბარი.


    მაშინ კომპანიაში იმასაც აცხადებდნენ, რომ სასტუმრო გათვლილი იქნება ოფიციალურ დელეგაციებზე, უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებზე და ბიზნესმენებზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონი დოლარს შეადგენს. Kass hotel Group -ი ისრაელური სასტუმროების ბრენდია. კომპანიას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული ისრაელის მასშტაბით.




    თბილისში კი KASS Boutique Hotel-ის გარდა, ჯგუფმა განახორციელა „რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის პროექტი და სასტუმრო Rixos-ის პროექტი. ჯამში სამივე პროექტში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმებოდა.


    შეგახსენებთ, “m2 უძრავი ქონებას“ აქტივებს შორის თბილისსა და რეგიონებში მშენებარე რამდენიმე სასტუმროს პროექტიცაა, რომელთა მართვას Ramada Encore განახორციელებს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები