მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  იანვარი  2018

    ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ ნაცვლად კორპუსების მშენებლობა გაჭიანურებული სამშენებლო ნებართვების გამო გადაიდო

    ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის“ ნაცვლად საცხოვრებელი ტიპის კორპუსების მშენებლობა გადაიდო. მიზეზი, თბილისის მერიის მხრიდან გაჭიანურებული სამშენებლო ნებართვის გაცემაა. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის მფლობელი და განმახორციელებელი კომპანია შპს „ნიუ ჰორიზონის“ ხელმძღვანელმა სერგო კვანტალიანმა განუცხადა.

    მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანია სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდება. კვანტალიანის განცხადებით, კომპანია ნებართვას დაახლოებით 2018 წლის 15 იანვრისთვის მიიღებს, რომლის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო პროცესი დაიწყება.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ჯამში კი 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

    კვანტალიანის განმარტებითვე, აღნიშნულ ობიექტზე ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, საცხოვრებელი კორპუსების დასრულების შემდეგ კი კომპანია „ნიუ ჰორიზონი“ მათ ახალ ბინებში შეასახლებს. „ეკონომიკის სამინისტროსგან ობიექტი ამ პირობით გადმოგვეცა“-აცხადებს კვანტალიანი.

    შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის ბოლოს პირობიან აუქციონზე ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის შენობა 707 000 ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორს სულ მცირე 1 200 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

    სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში (კინოთეატრი ,,სიხარული) მდებარე 3184.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 18 ოქტომბერს გამოიტანა. უძრავი ქონების საწყისი ფასი - 461 000 ლარს შეადგენდა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები