სიახლეები
-
04 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
ძველ თბილისში ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის კრწანისის რაიონში, ყავლაშვილის ქუჩის N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ავარიული შენობა კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით დაიშალა და მის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემა. ხის დეკორატიული ელემენტებს რესტავრაცია ჩაუტარდა. განახლდა კარ-ფანჯარა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. ისტორიულ შენობაში მცხოვრები ათამდე ოჯახი, რეაბილიტაციის დროს, თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყო, რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა.
ზემო კალაუბანში მდებარე ყავლაშვილის ქუჩა N9-ის ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 612,574.07 ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ხორციელდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება.
ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად, ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ.
როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, სამუშაოები დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო.
„ძეგლის აღდგენის ფარგლებში, ერეკლეს ქუჩის N6 და 7-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციაც დავიწყეთ, რომლის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯამში 30-მდე ოჯახი, რეაბილიტირებული ფართებით ისარგებლებს“, – განაცხადა მან.
მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.ტეგები