სიახლეები
-
09 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
მიწის რეგისტრაცია მარტივდება და უფასო ხდება
არჩევენებამდე დარჩენილ პერიოდში პარლამენტი კანონებს დაჩქარებული წესით იხილავს. მათ შორის ერთ-ერთია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატვივები, რომელიც მესამე მოსმენით უკვე დამტკიცებულია.ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში მიწის რეგისტრაცია მარტივდება და უფასო ხდება.
წინასაარჩევნოდ მიწის უფასო რეგისტრაცია, ქართულ ხელისუფლებაში გავრცელებული პრაქტიკაა. სხვადასხვა დონის არჩევნების დროს,ყოფილი ხელისუფლების პრობებშიც, იუსტიციის სამინისტრო ხშირად აცხადებდა ხოლმე აქციებს, რომლის საშუალებითაც მოქლაქეებს ქონების თუ მიწის რეგისტრაციას უმარტივებდა და მომსახურებას უფასოდ უწევდა.
როგორც ჩანს პრაქტიკა გრძელდება, თუმცა უფასო რეგისტრაციის გარდა, ახლა უკვე სახელმწიფო მოქალქეებს რამდენიმე სხვა სიახლესაც სთავაზობს.
მთავრობაში განმარტავენ, რომ სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემები გახდა, კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-ია რეგისტრირებული.
"მიწის რეგისტრაციისთვის ბარიერები იხსნება. საჯარო რეესტრი იძენს ახალ უფლებამოსილებას, რომ მოქალაქის ნაცვლად მოიძიოს ყველა უფლება დამდგენი დოკუმენტი, რომ ამზომველები დაექვემდებარონ, ვისაც სურვილი აქვს სერტიფიცირებას და თუ კი სერტიფიცირებული ამზომველი აგიზომავთ მიწას, მაშინ აზომვა იქნება უფასო" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში, სადაც კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პირადად გააცნო.
რას გულისხმობს მიწის რეფრომის შესახებ კანონპროექტი და კონკრეტულად რა შეღავათები დაუწესდებათ მესაკუთრეებს, ამის გარკვევას „პოლიტკომერსანტი" შეეცადა.
კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში შემუშავდება მიწის რეგისტრაციისთვის აუცილებელი საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები კი სერტიფიკაციას გაივლიან.
„დღესდღეობით აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კი დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და რესურსის ხარჯვას ნიშნავს. ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა - აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს",- განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.
პროექტის ფარგლებში საამზომველო საქმიანობისათვის დადგინდება მომსახურების საფასური. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე.სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი ახლო მომავალში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
იმ შემთხვევში თუ „მიწის რეგისტრაციის შესხებ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება, სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში დაეხმარება. დღეს მოქმედი ნორმებით, მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა - სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად კი საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.
ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი - მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა - აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.
გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სიახლე ისიც, რომ სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება.
„მიწის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად - სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი - ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება",- განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.