მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  დეკემბერი  2017

    ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე შესაძლოა, ე.წ. გადაკიდებული აივნები მოეწყოს

    ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერიც გამოცხადდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

    მისი ინფორმაციით, ახალი გზის პროექტს ხორვატიული კომპანია „აი ჯი ეიჩი“ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მშენებლობა პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.

    მისივე თქმით, გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება, ქუთაისიდან აბასთუმანში ჩასვლას კი დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.


    „ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს. ეს არის წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთი. ამ წერტილიდან მარჯვნივ ვუხვევთ და ისტორიულ, ზეკარის ხეობაში შევდივართ. შემდგომ იქნება გვირაბი და გვირაბით გადავალთ აბასთუმანში. აბასთუმნის მხარეს არსებული გზა ნაწილობრივ შენარჩუნდება და მოხდება მისი მოდერნიზაცია. ზეკარის ხეობაში არის რამდენიმე კრიტიკული საკითხი გადასაწყვეტი და საპროექტო ორგანიზაციებთან ამ ნაწილზე ვთანხმდებით, როგორც კი ბოლომდე ჩამოვყალიბდებით, საპროექტო სამუშაოები დასრულდება და უკვე სამშენებლო სამუშაოებზე გადავალთ“, - აცხადებს სეთურიძე.

    კითხვაზე, კრიტიკული საკითხი გულისხმობს თუ არა ტერიტორიაზე ტყეების გაჩეხვას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ტყეების შენარჩუნების მიზნით, გზის ეს მონაკვეთი ე.წ. გადაკიდებული აივნებით აშენდება.


    „ამ საგზაო ინფრასტრუქტურამ, პირველ რიგში, უნიკალურ ბუნებას მინიმალური ზიანი უნდა მიაყენოს. ამიტომაც მაქსიმალურად ლმობიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ტყეების გაჩეხვა რომ არ მოგვიწიოს, განვიხილავთ ასეთ ვარიანტს, რომ ე.წ. გადაკიდებული აივნებიანი გზები გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტს გააძვირებს, ამით ტყეებს შევინარჩუნებთ. იქ, სადაც ვიწრო ადგილებია, სწორედ ასეთი გზის გაკეთება იქნება გამოსავალი“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.


    მისივე თქმით, ქუთაისი-აბასთუმნის ახალ გზას ტურისტული დანიშნულების გარდა, სავაჭრო და ეკონომიკური დანიშნულებაც ექნება: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჯავახეთის უდიდესი რეგიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ქუთაისის სატრანსპორტო ჰაბს. ეს სავაჭრო ურთიერთობებისთვის ხელშემწყობი იქნება“, - აღნიშნავს სეთურიძე.



    შეგახსენებთ, რომ 13 დეკემებრს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალ წელს მთავრობა 12 459 500 000 ლარს დახარჯავს, რაც 2017 წელთან შედარებით 943 მილიონით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტში განათლებასა და ჯანდაცვასთან ერთად, პრიორიტეტულ მიმართულებად ინფრასტრუქტურაც დასახელდა. 

     

     

     

     

     

     


პარტნიორები