სიახლეები
-
18 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
GWP-მა ბოდორნას ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესის მშენებლობა დაიწყო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბოდორნას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო.
პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასა და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება.
თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ჰესი ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესია, რომელსაც გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს.
„ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. საბოლოო ჯამში კი ბოდორნაჰესი უწყვეტად უზრუნველყოფს იმ სათავო ნაგებობების ელექტრომომარაგებას, რომლებიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებენ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ბოდორნაჰესს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აშენებს. კომპანია ე.წ მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 15 მლნ.კვტ/სთ. პროექტის განხორციელბის პროცესში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ბოდორნაჰესის ელექტრო-მექანიკურ ტურბინებს და გენერატორს ავსტრიული კომპანია GUGLER-ი დაამზადებს, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. რაც შეეხება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს, მათ ქართული კომპანიები „პირამიდა“ და „საქ. წყალ პროექტი“ განახორციელებენ. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Stucky SA გაუწევს ზედამხედველობას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჰესის მშენებლობას ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.
ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.ტეგები