სიახლეები
-
09 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
"სილქ როუდ ჯგუფი" 2016-2017 წლებში საქართველოში $100 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
"სილქ როუდ ჯგუფი" ორი წლის განმავლობაში საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" "სილქ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განუცხადა.
"ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს გეგმაში, რომელზეც ვმუშაობთ. საქართველოში მიმდინარე პროექტებში ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. სასტუმროებში, უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე ინვესტიციის პატარა ნაწილი იქნება ინტერნეტიზაცია", - -აცხადებს გიორგი რამიშვილი.
რაც შეეხება ვარდების მოედანზე, სასტუმრო "რადისონის" მოპირდაპირე მხარეს მიმდინარე პროექტს, რამიშვილის განცხადებით, იქ მულტიფუნქციური კოპლექსი მოეწყობა.
კიდევ ერთი პროექტი, რასაც "სილქ როუდ ჯგუფი" ახორციელებს, რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო "რადისონ ბლუ ტელეგრაფის" მშენებლობაა. როგორც გიორგი რამიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე სატენდერო პაკეტები მზადდება და მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიანი სასტუმრო შეიქმნება. მისი თქმით, ამავე პერიოდში დასრულდება წინანდალში სასტუმრო "რადისონის" მშენებლობაც, რომელიც მესამე "რედისონის“ ბრენდის სასტუმრო იქნება, რომელსაც "სილქ როუდ ჯგუფი“ საქართველოში ააშენებს. სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი „კარლსონ რეზიდორ ჰოტელ გრუპი“ გაუწევს.