მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  დეკემბერი  2017

    თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეის მდგომარეობით აქვს სასამართლოს მომხმარებელს. მისი განმარტებით, არის ინფრასტრუქტურის პრობლემა, სასამართლო დარბაზებისა და მოსამართლეების სამუშაო სივრცის ნაკლებობა, რისთვისაც დღის წესრიგში დადგა დამატებითი ფლიგელის აშენება


    “თითოეული ახალი მოსამართლე ნიშნავს მინიმუმ ერთ მდივანს და თანაშემწეს, მწერალ თანაშემწეს და მის აპარატს სრული შემადგენლობით. ეს არის განგრძობადი პროცესი. ჩვენ ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც დაწყებული გვაქვს მუშაობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ეტაპზე დაემატება დამატებითი ფლიგელი. ვფიქრობ, გარკვეული დროის მონაკვეთში სრულად შევძლებთ ამ პრობლემების აღმოფხვრას”, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.


    აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოების ლიკვიდაციის შემდეგ, შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: სამოქალაქო საქმეთა კოლეგია (2008 წლის 3 მაისამდე განთავსებული იყო ქ. წამებულის N1-ში), ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (2008 წლის 19 ივლისამდე განთავსებული იყო სარაჯიშვილის გამზ. N1ა-ში) და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, (სხვადასხვა დროს განთავსებული იყო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მე-2 სართულზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში, (სადაც პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები), უნივერსიტეტის ქ. N2-ში და ბოლოს 2008 წლის 1 თებერვლიდან ისევ დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში).


    ​თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქალაქის დასავლეთით, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრის N6-ში. შენობა გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, სისადავითა და დახვეწილი გემოვნებით. მისი გრანდიოზული კოლონები და მოჩუქურთმებული ფასადი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. შენობის მთელი მოცულობა ისეა სპეციფიკურად დაგეგმარებული და გამოყენებული, რომ ყოველმა შემსვლელმა, მოქალაქემ თუ თანამშრომელმა, მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოს თავი.


    შენობაში შემსვლელი ხვდება უზარმაზარ ჰოლში, სადაც სვეტებზე განლაგებულია ელექტრონული ტაბლოები, რის მეშვეობითაც მხარეები მოიპოვებენ ინფორმაციას მიმდინარე და შემდგომში ჩანიშნული პროცესების შესახებ. ჰოლში განთავსებულია მისაღები, სადაც მიიღება მოქალაქეთა და მხარეთა განცხადებები, შუამდგომლობები და საჩივრები.
    ​როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზეა მითითებული, პირველ სართულზე განთავსებულია მხარეთათვის განკუთვნილი საქმის გასაცნობი ოთახი და 14 სასამართლო დარბაზი, სათათბირო ოთახებით, სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად. N1 სხდომის დარბაზი განკუთვნილი და მოწყობილია სპეციალურად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განსახილველად.


    17 სხდომის დარბაზი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ხოლო 8 სხდომის დარბაზი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის _ შენობის მეექვსე სართულზე.


    “სხდომათა დარბაზები სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დარბაზებში შესასვლელები მოწყობილია მოსამართლეებისათვის და პროცესზე დამსწრეთათვის ერთმანეთისაგან იზოლირებულად, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა დარბაზებში დამატებით, იზოლირებული შესასვლელია განკუთვნილი პატიმრებისათვის. შენობის პროექტირებისას გაითვალისწინეს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ პატიმართათვის განკუთვნილი იზოლატორები, რომელთაც აქვთ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შესასვლელი. ამათგან ერთი შესასვლელით სარგებლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან წარმოდგენილი პატიმრები, ხოლო მეორე შესასვლელით სარგებლობენ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან წარმოდგენილი დაკავებული პირები. სასამართლოს იზოლატორში ფუნქციონირებს ვენტილაციის და გათბობის თანამედროვე სისტემები”, – აღნიშნულია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის თანახმად, მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები მდებარეობს შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე.
    მეექვსე სართულის დიდი ნაწილი უკავია სასამართლოს არქივს, სადაც მოთავსებულია ათასობით საქმე 2005 წლიდან.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები