მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ივნისი  2016

    მერია თბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობის პროექტზე მუშაობს

    მერია თბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობის პროექტზე მუშაობს.

    როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, თბილისს მთიანი რელიეფი გააჩნია და ამიტომ საბაგიროების განვითარების კარგი შესაძლებლობები იქმნება.

    "ამ ეტაპზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი ამაზე მუშაობს, ისევე როგორც აზიის განვითარების ბანკი, რომელიც რამდენიმე ტექნიკური კვლევის შესაძლებლობას გვთავაზობს. ამ ეტაპზე ორი პროექტი მიმდინარეობს – ერთია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა და მეორე – მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის პროექტი, რაც კერძო ინვესტორთან თანამშრომლობით ხორციელდება", – განაცხადა ლექვინაძემ.

    მისივე ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე პროექტი განხილვის ეტაპზეა.

    "განიხილება ვაზისუბანი–სამგორის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტი, რომელსაც წმინდა სატრანსპორტო დანიშნულება აქვს, გარდა ამისა, ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტიდან“ ბაგებისა და ნუცუბიძის მიმართულებით, ასევე დელისი–ნუცუბიძის მიმართულება და თბილისის ზღვაზე რამდენიმე საბაგიროს განვითარება, თუმცა ეს ყველაფერი იდეებია და მათ ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება სჭირდება – შეფასება იმისა, რამდენად მომგებიანი იქნება. ეს ყველაფერი შესაძლოა, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით გაკეთდეს“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

     


პარტნიორები