სიახლეები
-
06 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია
2017 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სფეროს რეალური ზრდა 16,4% იყო
ბოლო წლებია საქართველოს სამშენებლო სექტორი წარმატებით იზრდება. 2008-2009 წლებში მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ფინანსური კრიზისმა პირველ რიგში სამშენებლო სფერო დააზარალა. უნდა გავითვალიწინოთ იმ ფაქტს, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე ამ სფერომ არაერთი დაბრკოლება გადალახა და კვლავ აგრძელებს ზრდას. მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობების გამო რამდენიმე დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელმა თავი მოიკლა. ბანკებმა კრიზისის დროს მთავრობისგან მნიშნელოვანი დახმარება მიიღეს, თუმცა მაინც გაუზარდეს მშენებლებს დამტკიცებულ საკრედიტო ხაზებზე პროცენტები. ამას დაემატა მათ მიმართ ნდობის შემცირება მოსახლეობაში. თუმცა, ასეა თუ ისე საქართველოს სამშენებლო სექტორი კვლავ განვითარების გზაზეა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 066,1 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,9 პროცენტით.
2017 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (16,4 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (4,5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.4 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში (-0,9 პროცენტი).
რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურას, ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,7 პროცენტი) და ვაჭრობა (15,2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,9 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,8 პროცენტი), მშენებლობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორმა 2016 წელიც მნიშვნელოვანი ზრდის ტემპით დაამთავრა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), მშენებლობა (10,0 პროცენტი) საფინანსო საქმიანობა (9,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (9,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,9 პროცენტი). კლება აღინიშნა ტრანსპორტისა (-3,0 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-3,1 პროცენტი) სექტორებში.
საყურადღებოა, რომ 2007-2016 წლებში საქართველოში სულ 12,9 მლრდ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ყველაზე მეტი 3,155 მლრდ. (მთელი FDI-ის 24%) ტრანსპორტსა და კავშრგაბულობაში ჩაიდო, ხოლო ყველაზე ცოტა სოფლის მეურნეობაში 134 მილიონი (მთელი FDI-ის 1%) განხორციელდა. რაც შეეხება მშენებლობას, ამ წლებში FDI-იმ 1,035 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სექტორში 2014 წელს იყო 316,5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე ცოტა 2010 წელს 4,7 მლნ. დოლარი. რაც შეეხება მიმდინარე წლის 2 კვარტალს, 2017 წლის 6 თვეში მშენებლობის სექტორში 125 მლნ. დოლარის ინვესტიცია ჩაიდო (I კვარტალი – 55 მლნ; II კვარტალი – 70 მლნ.), რაც მთლიანი FDI-ის 20,2%-ია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მშენებლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა მხოლოდ ტრანსპორტისა და კავშრგაბმულობის დარდს ჩამორჩა (II კვარტალი – 271 მლნ. დოლარი).
აღსანიშნავია, რომ თუ 2007-2016 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს გადავხედავთ, ნათლად წარმოდგება სურათი, რომ 2008-2011 წლებში მშენებლობის დარგში პრობლემები იყო. ასე მაგალითად, 2007 წელს მშენებლობაში 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო სამი წლის მანძლზე კლება. რაც შეეხება გასული 10 წლის გასაშუალებულ მაჩვენებელს, 2007-2016 წლებში მშენებლობის სფერო ყოველწლიურად საშუალოდ 4,8%-ით იზრდებოდა.
გამოდინარე იქიდან, რომ მშენებლობა ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია და მის განვითრებას თან სდევს სხვა სფეროებშიც წარმატება, მნიშნელოვანია ეს სექტორი აღმავლობის გზას რომ ადგას, რაც აუცილებლად გამოიწვევს დადებით ძვრებს საქართველოს ეკონომიკაში.ტეგები