მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ივნისი  2016

    „მენაშენეთა ასოციაცია": საკრებულოს დადგენილების შედეგად, მშენებლობები ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს

    თბილისის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის გაზრდაზე დაწესებული შეზღუდვის შემდეგ სპეციალისტები მშენებლობების ხარისხის გაუმჯობესებას ელოდებიან. K2 კოეფიციენტი განსაზღვრავს, თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

    დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვას, ასევე გამწვანებულ ტერიტორიებზე განაშენიანების შეზღუდვას ითვალისწინებს, უკვე დაამტკიცა. შეზღუდვა გენ.გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე იქნება ძალაში. K2 კოეფიციენტი შენობის სიმაღლესა და სართულეის რაოდენობას განსაზღვრავს.

    მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი რადიო „კომერსანტთან" ამბობს, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ცვლილებების დამტკიცებამდე კონსულტაციები მენაშენეებთან და დეველოპერებთან გაიარა. მისი თქმით, ყველა ტერიტორიას თავისი მახასიათებელი აქვს, რომელზეც განსაზღვრულია კოეფიციენტი- მშენებლობის ინტენსივობის, გამწვანების მიხედვით. აქამდე არსებული პრაქტიკით კი ყველა კომპანია ითხოვდა კოეფიციენტის მატებას, საკრებულოს კომისია გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ კოეფიციენტს ზრდიდა, რაც როსტომაშვილის თქმით, არასწორი იყო.

    „კ2 კოეფიციენტი ეს არის ტერიტორიის ობიექტური მახასიათებელი, როგორ შეიძლება მისი ფულით ყიდვა, ეს იგივეა ექიმმა თანხის გადახდის შემდეგ უფრო კარგი დიაგნოზი დაწეროს ვიდრე რეალობაშია",- ამბობს როსტომაშვილი.

    მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ წესები ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. მისი თქმით, კოეფიციენტის მომატება არის ადვილი გამოსავალი, რომ პატარა ტერიტორიაზე ბევრი ააშენო და ბევრი გაყიდო. როსტომაშვილი განმარტავს, რომ დღეს რეალურად არქიტექტურული ფასეულობა აღარ არის და კარგის საპირწონე გახდა რაოდენობა. ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, საკრებულოს დადგენილება ხარისხის აწევას და ქალაქის განაპირა რაიონებში მშენებლობას გამოიწვევს.

    საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძის განცხადებით კი, ახალი რეგულაციით კ2 კოეფიციენტის გადაჭარბება ვეღარ მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ერთიანი წესი იქნება ყველა მშენებლისთვის და მესაკუთრისთვის. მისივე თქმით, შედეგად ეს გამოიწვევს მაღალი, გადაჭარბებული სართულიანობის კორპუსების შეზღუდვას. მისივე ინფორმაციით, არსებობს კიდევ ერთი გამწვანების პუნქტი, რაც იქნება წამახალისებელი, რომ გაჩნდეს მწვანე სახურავები. გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ახალი გენ. გეგმა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, დეტალურად განსაზღვრავს, რომელი უბანი როგორ, რა მოცულობით უნდა განვითარდეს.


    მისივე თქმით, რეგულაციის შემოღებამდე სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა და მათი მხრიდან იყო უპირობო მზაობა და დადებითი შეფასება.

     

     


პარტნიორები