მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  დეკემბერი  2017

    სკოლების, საბავშვო ბაღების, სასტუმროს შენობების უსაფრთხოების მონიტორინგი იწყება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ხანძრის და სხვა საშიშროებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში შენობა-ნაგებობების მონიტორინგი და აღრიცხვა დაიწყება. პირველ რიგში საუბარია საბავშვო ბაღების, სკოლების, სასტუმროებისა და იმ შენობების დაუყოვნებლივ შემოწმებაზე, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე შემოწმდება, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი გადაადგილება საგანგებო ვითარებების დროს.
    როგორც ​პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები სამშენებლო პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისთვის, რომ ქვეყანამ მომავალში თავიდან აიცილოს ბათუმის მსგავსი ტრაგედიები.


    ამ თვალსაზრისით პრემიერმა, დადებითად შეაფასა თბილისის მერის, კახა კალაძის მუშაობა, რომელმაც გუშინ, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა.


    კვირიკაშვილის თქმით, ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი.
    „ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული ამისგან. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით. მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ანალოგიურია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს სთხოვა, კიდევ ერთხელ ჩაატარონ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი.


    „ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. იცით, რომ მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული და მათი აღჭურვაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური ვიყოთ ასეთ სიტუაციებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


    ​მისივე ინფორმაციით, რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, პირველად 2015 წელს გამკაცრდა და 2016 წელს, ქვეყნის მთავრობამ მიიღო დადგენილება.
    “ამ მიმართულებით გამკაცრების ორი ეტაპი განვახორციელეთ და მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ზედმიწევნით შევასრულოთ შესაბამის ნორმატიულ აქტებში გაწერილი მოთხოვნები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

     

     

     

     

     


პარტნიორები