სიახლეები
-
29 ნოემბერი 2017თქვენი რეკლამა
თბილისში ყველა ახალი შენობა სახანძრო უსაფრთხოებაზე მკაცრად უნდა შემოწმდეს
არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში ყველა სასტუმრო და ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსები, სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით ხელახლა და მკაცრად უნდა შემოწმდეს. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების დაცულობას შენობის აშენებამდე, პროექტირებისას გააკონტროლებს და ეს ფუნქცია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არ უნდა ჰქონდეს შეთავსებული.
როგორც „სითი კვირას“ თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, სახანძრო უსაფრთხოება ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. დედაქალაქის მასშტაბით ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა სამწუხაროდ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან თავად მაკონტროლებელი სამსახური არ არის მოყვანილი წესრიგში. ამ სამსახურს უნდა ჰქონდეს სპეციალური განყოფილება, რომელიც შემოწმების საკმაოდ რთულ პროცესს გაატარებს პროექტირების ეტაპზე. ეს ეხება, როგორც სასტუმროებს, ასევე საცხოვრებელ კორპუსებსაც, ყველა ნაგებობას, სადაც ადამიანების თავშეყრა ხდება ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სახანძრო ნორმებს.
“ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი, დახვეწილი სამსახური და სპეციალური ნორმატივები, რომელიც გვაიძულებს წესების დაცვას, ეს იწვევს სავალალო შედეგებს. დღეს ეს ფუნქცია შეთავსებული აქვს მერიის არქიტექტურის სამსახურს, მაგრამ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სამსახური“, – მიაჩნია არქიტექტორს.დოგრაშვილის განმარტებით, 9 სართულის სიმაღლის ზევით შენობებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური კიბე, კიბის სივრცეები, რომელსაც არქიტექტორები შეუბოლავ კიბეს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ხანძრის შემთხვევაში კიბის სივრცეს არ უნდა მოხვდეს კვამლი. გარდა ამისა, სასტუმროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საევაკუაციო სისტემა. დერეფნული ტიპის შენობაში აუცილებელად უნდა იყოს განთავსებული სტენდი, სადაც ასახული იქნება საევაკუაციო ხაზების სქემა.
სასტუმროსთვის განკუთვნილ შენობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეუბოლავი კიბეები და საევაკუაციო გასასვლელები ორივე მხარეს, რადგან თუ ერთ მხარეს გაჩნდა ხანძარი, ადამიანების ნაკადს უნდა ჰქონდეს საშუალება მეორე კიბით ისარგებლონ.
“მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსებულია სპრინტერები. როგორც კი ტემპერატურა მაღლა აიწევს, ავტომატურად ირთვება სახანძრო ჩაქრობის ავტომატიკა, რთავს შადრევნებს, ჭერიდან გამოდის და აქრობს ხანძრის კერას. ეს სისტემა მგრძნობიარეა უსაფრთხო ტემპერატურაზე, მაგალითად +26 გრადუსზე. ხანძრის პროცესში სისტემა დაახლოებით პლუს 40-50 გრადუსზე ირთვება. ეს სისტემა არსებობდა ძველ სასტუმრო „ივერიაში“-, აცხადებს თამაზ დოგრაშვილი.
მისი აზრით, საჭიროა გადამოწმდეს არსებობს თუ არა ეს სისტემა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ რუსთაველის გამზირზე აშენებულ სასტუმრო „ბილტმორში“, რომელიც ხანძრის თვალსაზრისით ძალიან მოუხერხებელია.ასევე მნიშვნელოვანია რა მასალა არის გამოყენებული შენობის მოპირკეთებისა, თუ შიდა ინტერიერის მოსაწყობად. სამშენებლო მასალა არ იყოს ადვილად აალებადი. პლასტმასისა და ხის მალასა განსხვავებულად იწყვის და სრულიად განსხვავებული ბოლი წარმოიქმნება.
“სასტუმრო იმის მიხედვით გეგმარდება და შენდება, რა სტანდარტზეც არის გათვლილი. მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენება აძვირებს შენობას, მაგრამ ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით, ცნობილი კომპანიები ამაზე ფულს არ ზოგავენ. გარდა იმისა, რომ შესაძლოა მასალა ესთეტიური თვალსაზრისით მოსწონდეთ, უნდა ითვალისწინებდნენ მისი წვის რეჟიმზე. ევაკუაციის დროს მახვილგონივრული მეთოდებს ექცევა ყურადღება, რაც არ უნდა რთული შენობა იყოს კომპოზიციურად. არის შემთხვევები, როცა ხანძარი მოდებულია შენობაში და ადამიანს არ რჩება სხვა გზა, გარდა ფანჯრიდან გადახტომისა. ამ დროს ქვევით ბრეზენტის სწორწახნაგა ნაჭრებს აფენენ და ადამიანი ხტება ზევიდან ძირს”,- განმარტავს არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი.
მისივე თქმით, შენობასთან მიახლოება არ უნდა გაუჭირდეთ სახანძრო მანქანებს. ყოველი ტრაგიკული შემთხვევა, სიახლის მოფიქრებისკენ უბიძგებს ავტორებს, მეხანძრეებს და არქიტექტორებს. ეს პრობლემატური საკითხი იყო და რჩება დღესაც.
„ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“ კრიტიკას ვერ უძლებდა სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების თვალსაზრისით. ყველა სასტუმრომ უნდა გაიაროს ხელახალი შემოწმება, ასევე, ახალ აშენებულმა კორპუსებმა.
“სახანძრო სამსახურს უნდა ჰქონდეს სპეციალური განყოფილება, რომელიც პროექტირებაზე გაამახვილებს ყურადღებას და არ გაუშვებს ისეთ პროექტებს, სადაც არ იქნება გათვალისწინებული მათ მიერ დაკანონებული მოთხოვნები. ყველაფერი უნდა ჩაიდოს პროექტში, პროექტმა პირველ რიგში უნდა გაიაროს არა მხატვრული კომისია, არამედ სახანძრო უსაფრთხოება. რაც უფრო მაღალი კლასის არის სასტუმრო, მით მაღალ დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება”,- მიაჩნია არქიტექტორს.




