მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ნოემბერი  2017

    თბილისის ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ 21 სართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

    თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N13-ში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ 21 სართულიანი, 73 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით, მრავალფუნქციური შენობა შენდება, რომელსაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება და დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებენ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა შეაჩეროს.


    მიწის კონფიგურაციიდან გამომდინარე შენობას ექნება ერთი სადარბაზო, რომელიც სიმაღლეში ვითარდება სამ ბლოკად: ავტოსადგომი, კომერციული, საოფისე ფართები, ფიტნეს დარბაზი და საცურაო აუზი, ოფისები. ხოლო ზედა სართულებზე განთავსდება საცხოვრებელი ბინები.


    ფასადი მოპირკეთდება მაღალი ხარისხის ალუკობონდით და მუქი ფერის ალუმინის მინაპაკეტით. რაც შეეხება გათბობა – კონდიცირებას, შენობის ფასადებზე დანადგარები არ განთავსდება, პროექტის მიხედვით აშენდება ცალკე მდგომი შენობა, სადაც სპეციალური დანადგარები მილსადენით შეუერთდება სადარბაზოში არსებულ შახტებს, იქედან განაწილდება სართულებზე და ბინებში მთელ სიმაღლეზე. ​


    ​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, მესაკუთრე არის შპს “იკონია კაპიტალი”. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები 2011 წლის 8 სექტემბერს არის შეთანხმებული. ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი შეთანხმდა და მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 17 თებერვალს (ბრძანების N2437729) გაიცა. პროექის მიხედვით შენობა 21 სართულიანია.


    არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 24 მარტს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებლებმა შეიტანეს ადმინისტრაციული საჩივარი ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროექტი არ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმებით, წესებითა და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტაციით დადგენილ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.


    თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 1-007 ბათილად იქნა ცნობილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის N2437729 ბრძანება და დაევალა თბილისის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოეცა.
    ანალოგიური სარჩელი პარალელურად განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით, სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის (ბრძანების N2437729) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი მოსარჩელეთა მიერ სარჩელის უკან გამოხმობის გამო.


    „2017 წლის 4 მაისს, ტერიტორიის მესაკუთრემ კვლავ წარმოადგინა კორექტირებული პროექტი, სადაც ამჯერად გათვალისწინებული იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით N3372225 შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება N3372225 გასაჩივრდა თბილისის მერთან, რომელიც არ დაკმაყოფილდა”, – განაცხადეს არქიტექტურის სამსახურში.

     


    ​როგორც დამკვეთის მიერ არქიტექტურის სამსახურისადმი წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროექტის ცვლილება გამოიწვია (შსს,სსიპ)საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოთხოვნით საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 დადგენილებით სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებამ, კერძოდ: გეგმარებაში შევიდა ცვლილებები, მრავალფუნქციურ შენობაში საოფისე ფართები გამოყოფილია საცხოვრებელი ფართისგან და მოწყობილია დამოუკიდებელი კიბის უჯრედი. დაემატა ტერასიდან საევაკუაციო კიბე. ლიფტის შახტის შესასვლელებში მოეწყობა ხანძარმედეგი კარი. ავტოსადგომები გამოყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეებით, ასევე, ფეხით მოსიარულეთათვის საევაკუაციო კიბე.


    ამ ღონისძიებებთან ერთად, პროექტირების შემდგომი სტადიისთვის გათვალისწინებული იქნება შენობის სათავსებისათვის ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემების, სიგნალიზაციის, შიდა და გარე სახანძრო წყალგაყვანილობის, კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის, შეტყობინებისა და ევაკუაციის, მეხამრიდი სისტემების მონტაჟი, სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად დაპროექტება და მშენებლობის დროს მათი რეალიზება, სხვა ცვლილებები პროექტში არ შესულა.
    მშენებლობის ვადა 2017 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული.

     

     

     


პარტნიორები