სიახლეები
-
16 ნოემბერი 2017თქვენი რეკლამა
1.5 მლრდ-იანი ინვესტიცია – სუფსაში ნავთობ-პეტროქიმიური კომპლექსი აშენდება
2018 წელს, საქართველოში, სუფსაში 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობ-პეტროქიმიური კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. ამ გლობალურ პროექტს კომპანია GEOPARS-ი განახორციელებს, რომელსაც სახელმწიფომ მილიარდნახევრიანი საინვესტიციო ვალდებულებებით 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე გამოუყო. კომპლექსი დღეში 100,000 ბარელი ნავთობპროდუქტის ანუ წელიწადში 5 მლნ ტონა ნედლეულის გადამუშავებას შეძლებს. ინვესტორების მოსაზრებით, მალე საქართველო შესაძლოა ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.
ამ მეგაპროექტში რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო კომპანია ჩაერთვება. რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ნავთობ-პეტროქიმიური კომპლექსის მშენებლობა და რა გეგმები აქვს კომპანიას, GEOPARS-ის გენერალური დირექტორი ლაშაქორიძე გვესაუბრება:
– საქართველოში, ისტორიულად ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, თუმცა არასოდეს გვქონია პეტროქიმიური წარმოება. ჩვენმა პროექტმა 2016 წელს მთავრობის სრული მხარდაჭერა მიიღო.
პროექტის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ეს არის ქვეყნის ადგილმდებარეობა, აბრეშუმის გზის მიმზიდველობა, აღმოსავლეთიდან ევროპისკენ ენერგომატარებლების მიწოდების ყველაზე მოკლე გზა. დღეს, საქართველო ამ შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებს. სამწუხაროდ, ამ პოტენციალის მეტად გამოყენება რთულია გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე.
– რა სიმძლავრეზე იქნება ქარხანა გათვლილი და შეძლებს თუ არა საკმარისი რაოდენობის რესურსის მოზიდვას და
ეყოლება თუ არა დივერსიფიცირებული მომწოდებელი?– ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 5 მლნ ტონა ნავთობპროდუქტის გადამუშავებაზე იქნება გათვლილი, ეს არის დღეში 100 000 ბარელი. მაგალითისთვის, საქართველო 1,2 მლნ ტონა ნავთობპროდუქტს მოიხმარს, შესაბამისად, კომპლექსი ამ მოხმარებას 100%-ით დაფარავს, დანარჩენი საექსპორტო და პეტროქიმიური მიმართულებებია. ღია ვართ ახალი საინვესტიციო შეთავაზებებებისთვის, მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე საერთაშორისო ფონდთან და მათგან ღია ინტერესს ვხედავთ. რა შეეხება მომწოდებლებს, ცხადია, ვმუშაობთ მათ დივერსიფიკაციაზეც. ამ მიზნით დავიქირავეთ „არგუსი“, რომელიც შეისწავლის ნედლეულის ყველა შესაძლო მოწოდების წყაროებს, გაგვიკეთებს შესაბამის ეკომომიკურ გათვლებს და დასაბუთებულ ალტერნატივებს შემოგვთავაზებს. ვსაუბრობთ თურქმენეთთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა და 4 მლნ ტონა თავისუფალი რესურსი აქვს. გარდა ამისა, ყაზახეთშიც იხსნება დიდი ნავთობსაბადო, საიდანაც შესაძლებელია დამატებითი რესურსის მიღება. ეს პროექტი აზერბაიჯანისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ეს იქნება რეგიონალური მნიშვნელობის ენრგეტიკული ჰაბი.
– რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს პროექტის განხორციელება საქართველოს?
– საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში მსგავსი პროექტები, იქნება ფინანსური სტაბილურბისა და უსაფრთხოების გარანტი. ვმუშაობთ პროექტში ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ჩართვაზე, როგორებიცაა Trafigura, PetroChina, Turkmen Pentroleun, ENOC, Exxon Mobile, Gunvor და სხვა, რაც იქნება ერთგვარი გზავნილი ინვესტორებისათვის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ეს ის კომპანიებია, რომლებიც ნავთობის გლობალურ ბაზარზე ამინდს ქმნიან. 20 წლის წინათ, ამ საკითხზე საერთოდ არავინ გველაპარაკებოდა.
ჩვენი გათვლებით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შედეგად ქვეყნიდან 0,5 მლრდ დოლარი გადის, მისი ნაწილობრივი ჩანაცვლება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსახლეობისთვის შედარებით იაფი პროდუქტის მიწოდება გახდება შესაძლებელი. ტრანსპორტირება მინიმუმ 10%-ით აძვირებს პროდუქტს.
საწარმოში, პირველ ეტაპზე, დავასაქმებთ 800 ადამიანს, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ეს ციფრი გაიზარდოს.
– თქვენ ახსენეთ პროდუქციის გაიაფება. რამდენად შეძლებს საწარმო ხარისხიანი ნავთობპროდუქტების წარმოებას და რა ტიპის
პროდუქტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული?– რაც შეეხება სტანდარტებს, ეს იქნება „ევრო 5“ და ზემოთ სტანდარტის შესაბამისი წარმოება. ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და იქედან გამომდინარე, რომ პეტროქიმიაზე მოთხოვნა მზარდია, ძირითადი აქცენტი ამაზე გადავიტანეთ. თუმცა, საწარმო შეძლებს ყველა ტიპის ნავთობპროდუქტის წარმოებას. შესაბამისად, ეს იქნება ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი.
– როდიდან დაიწყება მშენებლობა და ამ დროისთვის პროექტის განხორციელების რა ეტაპზეხართ?
– 2018 წლის ზაფხულის ბოლომდე ვგეგგმავთ მიწის სამუშაოებს დაწყებას. 2021 წლისთვის მოვრჩებით პირველ ფაზას და 2022 წლის შუა პერიოდისთვის პროექტი, სავარაუდოდ, სრულად დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში. ამ ეტაპზე, დავასრულეთ ტერიტორიის გეოლოგიური, ტოპოგრაფიული და არქეოლოგიური კვლევები, რის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი ანგარიშები. კომპანია WorleyParsons-მა გაიმარჯვა ტენდერში და ის გააკეთებს სრულ feasibility study-ის კომპანია Argus-ი გააკეთებს ბაზრის კვლევას. ამის შემდეგ მომზადდება გზშ და პროექტის დეტალური დიზაინი. პროექტის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვიყოთ ღია და გახსნილი ყველა ინვესტორისა და დაინტერსებული მხარისთვის.
ქარხნის მშენებლობისთვის გათვალისიწნებულ ადგილზე გადის ავტომაგისტრალის ნაწილი, რომელზეც რეგიონალური განვითარების სამინისტრომ სრულად მოაწყო საჭირო კომუნიკაციები. შეხვედრა გვქონდა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელებთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, სუფსის სადგურიდან ქარხნის ტერიტორიამდე გავიყვანოთ 5,5 კმ სირგძის სარკინიგზო ხაზი, რომელიც შეძლებს 5 მლნ ტონა ნედლეულის მომსახურებას.
– რამდენად დაიცავთ ეკოლოგიურ სტანდარტებს, რომელიც ხშირად ამა თუ იმ პროექტის
განხორციელებისას მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს?-კომპლექსი ევროსტანდარტების შესაბამისი აპარატურითა და ფილტრებით იქნება აღჭურვილი. მოთხოვნა გვაქვს „ევრო 5“ და ზემოთ სტანდარტის საწარმოს მშენებლობაზე, შესაბამისად, ეკოლოგიის დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მსოფლიოში არის შესაბამისი მაგალითები, როდესაც ასეთი ტიპის საწარმოები ქალაქებშია, მათ შორის, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში, და ვიხელმძღვანელებთ სწორედ ამ საერთაშორისო სტანდარტებით.
– ქარხნისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრებს საიდან მოიზიდავთ? ხომ არ გეგმავთ ერთგვარი გადასამზადებელი პლატფორმის შექმნას?

– საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დასაქმებულთა 70% მაინც ადგილობრივი კადრი იქნება. ამ თვალსაზრისით, პრობლემაა ის რომ ამ
სფეროში განათლების შესაბამისი ბაზა არ გვაქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილი გვაქვს პროფილური სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც ადგილზე მოამზადებენ ადგილობრივ კადრებს.
– ხომ არ არსებობს რაიმე საფრთხე, რომელმაც შესაძლოა პროექტის განხორციელება შეაფერხოს?
– არ მგონია. საქართველოს მთავრობა მხარს გვიჭერს. რეგიონალური მასშტაბით, ასეთი საწარმოს არსებობა ეკონომიკურად მომგებიანი და აუცილებელია. საქართველო მეზობლებისთვის სანვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა გახდა, მით უმეტეს, ჩვენს ირგვლივ არსებული რთული გეოპოლიტიკურ ფონის გათვალისწინებით. ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ლიბერალური კანონმდებლობით, კორუფციის გარეშე და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც doing business-ის ბოლო მონაცემებითაც დადასტურდა.





