მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ნოემბერი  2017

    გაგარინის ქუჩის N10-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟი განხორციელდება

    თბილისის საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქუჩის N 10-ში მდებარე, ოთხსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი განხორციელდება. სახლის მობინადრეთა უსაფრთხოებისთვის, თბილისის მერიამ ისინი, დროებით ქირით გაყვანაზე დაითანხმა.


    ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სახლის მცხოვრებლებთან კომუნიკაცია შედგა და მათი გაყვანისა და ქირის ხარჯს მერია თავის თავზე აიღებს. ხოლო სახლი უნდა დაინგრეს, რადგან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.


    ​კალაძის თქმით, მსგავს მდგომარეობაშია სახლები თბილისის სხვა ძველ რაიონებშიც. მერია მათ რეაბილიტაციას ჩაუტარებს, თუმცა მეორე მხრივ, ინვესტორებს დაეხმარებიან, პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები ადგილობრივ მცხოვრებლებთან და პოზიციების თანხვედრის შემთხვევაში, “მერიის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს და დააკმაყოფილონ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ადგილას ცხოვრობენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
    ​აღსანიშნავია, რომ გაგარინის ქუჩის N10 -ში მდებარე ძველი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულ დემონტაჟს საჭიროებს. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნაზე უკვე მუშაობს ას ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სახლის მცხოვრებლებთან შენობის დაცლის მოთხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.


    შენობის ნაწილი შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. საბურთალოს რაიონის გამგეობა სახლის მცხოვრებლებს ქირით გაყვანა და შენობის დემონტაჟი არაერთხელ შესთავაზეს, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდებოდა. მათივე ინფორმაციით, ოთხსართულიან სახლში 18 ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი პოტენციურ ინვესტორთან ვერ თანხმდება, ნაწილი კი შენობის მხოლოდ ავარიული ნაწილის დემონტაჟს ითხოვს. „დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ შენობა სრულ დემონტაჟს საჭიროებს”, – აცხადებენ მერიაში.


    გაგარინის ქუჩის N10-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას გუშინ, საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე. ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რადგან როგორც მერიაში განმარტავენ, შენობა საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე მესამე პირებს. „ადგილობრივებს თბილისის მერია შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის პერიოდში ქირით უზრუნველყოფს”, – აცხადებენ მერიაში.

     

     

     


პარტნიორები