მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ნოემბერი  2017

    ბიუროკრატია შემცირდება და მშენებლობის ნებართვების გაცემა უფრო ადვილი იქნება

    „ადამიანებს საბანკო ვალდებულებები ლარში აქვთ და აღარ უწევთ ლარის კურსის ცვლილებაზე თვალყურის დევნება“, - ამის შესახებ „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა ილია წულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

    კითხვაზე, ლარში ფასდადების წესის ამოქმედებამ ნეგატიური გავლენა ხომ არ მოახდინა სამშენებლო სექტორზე, წულაია პასუხობს, რომ პირიქით, დადებითი გავლენა მოახდინა.

    „ლარიზაციამ სამშენებლო სექტორზე დადებითი გავლენა მოახდინა. ხალხი ბინებს ყიდულობს. ძირითადად განვადებით და ბანკის კრედიტით ყიდულობენ. როდესაც ბანკის კრედიტი და ვალდებულება აქვთ ლარში, იციან ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან რამდენის გადახდა მოუწევთ და ყოველდღიურად ლარის კურსზე თვალყურის დევნება აღარ უხდებათ. ლარიზაცია ბინების გაყიდვების პროცესებს არ ანელებს. კურსის თამაშის დროს, კლიენტებიც მოლოდინის რეჟიმში გადადიოდნენ, ახლა ეს ასე არ ხდება“, - განაცხადა წულაიამ.

    რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც დედაქალაქის ახლადარჩეულ მერს, ეკონომიკის მინისტრსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართა, ილია წულაიას თქმით, კახა კალაძისგან დეველოპერებმა მთავარი მესიჯი მიიღეს ის, რომ სფეროში ბიუროკრატია შემცირდება და მშენებლობის ნებართვების გაცემა უფრო ადვილი იქნება.

    „მივიღეთ დაპირება, რომ ბიუროკრატია შემცირდება და მშენებლობის ნებართვების გაცემა, ბიზნესის კეთება უფრო ადვილი იქნება. საუბარია მკაცრი რეგულაციების შემოღებაზე, რაც აუცილებელია და რისი მიზანიც მოქალაქეების ინტერესების დაცვაა ხანძრის დროს, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება. კეთილსინდისიერი მშენებლები ამას ისედაც აკეთებდნენ, მაგრამ იყვნენ მშენებლები, რომლებიც ამას თავს არიდებდნენ. ისინი არაკეთილსინდიერ კონკურენციაში შედიოდნენ კეთილსინდისიერ მშენებლებთან. ამიერიდან ეს სტანდარტი ყველასთვის საერთო იქნება.

    ასევე, ყველა დეველოპერმა გამოთქვა მოსაზრება, რასაც დედაქალაქის მერიაც დაეთანხმა, რომ მომავალი მშენებლობის ხარისხი მაღალი სტანდარტის იქნება. თბილისში უფრო ლამაზი და უფრო უსაფრთხო შენობები უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ილია წულაიამ.

    დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

    შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ინფორმირება მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უსაფრთხოების წესები“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

    რაც შეეხება ლარში ფასდადებას, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში გაჩენილი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.

     

     


    ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

     


პარტნიორები