სიახლეები
-
31 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისი მცხეთას და რუსთავს შესაძლოა S-Bahn -ით დაუკავშირდეს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც გაზრდის ქალაქის მობილობას და მის შემოსასვლელებს ერთმანეთთან ეფექტიანად დააკავშირებს, მათ შორის, საუბარია მცხეთა – თბილისი – რუსთავი – გარდაბნის მიმართულებით საქალაქო რკინიგზის, ან ჩქაროსნული ტრამვაის გაყვანაზე.
როგორც გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, გენგეგმის ჯგუფის პროექტში უცვლელად დარჩა სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული ხედვა, სადაც საუბარია, მცხეთა – თბილისი – რუსთავი – გარდაბნის მიმართულებით საქალაქო ტიპის რკინიგზის, ე.წ. S-Bahn -ის, ან ტრამვაის შემადგენლობის გაშვებაზე, რომელიც აგლომერაციის შემაერთებელი იქნება და ამ მიმართულებაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებს დააკავშირებს ერთმანეთთან.
საუბარია ასევე, ქალაქის შემოსასვლელებს შორის ეფექტიანი სარკინიგზო კავშირის შექმნაზე, რომლის გასწვრივ ასევე, მოეწყობა საავტომობილი გზა. ამგვარად გამოთავისუფლდება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო, სადაც რეკრეაციული ზონები და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ზოლი მოეწყობა.
“სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით, გარკვეულ ალტერნატივად მტკვრის მარცხენა სანაპირო განიხილება. მდინარის სანაპიროზე გარკვეული მონაკვეთები გვინდა იქცეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალ ნაწილად და აგრეთვე რეკრეაციულ ტერიტორიად, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მიუახლოვდნენ მტკვარს. მეორე პრობლემაა მტკვრის ეკოლოგიური ხარისხი და მას აუცილებლად გამოსწორება სჭირდება”, – აცხადებს გენგეგმის ჯგუფის წევრი მამუკა სალუქვაძე.
მისივე თქმით, გენგეგმაში წარმოდგენილი პროექტები არ არის ხვალინდელი გეგმები, არამედ წლებზე გაწერილი სამუშაო, რაც სავსებით რეალურია სწორედ ისე განხორციელდეს, როგორც გენგეგმის დოკუმენტშია ასახული.