სიახლეები
-
30 ოქტომბერი 2017თქვენი რეკლამა
EMC: ბოლო 6 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაექვსია.
EMC-ში აცხადებენ, რომ 2015 წლის აპრილში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. თუმცა, მათი მტკიცებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებელი, დეპარტამენტის ფუნქციონირების პერიოდში არათუ მცირდება, არამედ გაზრდილია.
საწარმოო პროცესში დაშავებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა 2016 წელს იყო: დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების მაღალი და მზარდი სტატისტიკა დასაქმების ადგილებზე შრომითი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის პრობლემას ცხადად წარმოაჩენს, ამიტომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ეფექტური საზედამხედველო ორგანო შრომის ინსპექციის სახით.




