სიახლეები
-
25 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
ნენსკრაჰესის მშენებლობას EBRD 229 მლნ დოლარით დააფინანსებს
სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (ERBD) 229 მლნ დოლარით დააფინანსებს.
მთლიანი თანხიდან 15 მლნ დოლარი ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღების მიმართულებით დაიხარჯება, კერძოდ იგულისხმება სათბურის გაზების შემცირება. ბანკის Green Economy Transition (GET) ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა, დარჩენილი 214 მლნ დოლარი კი უშუალოდ ჰესის მშენებლობას მოხმარდება.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება.
სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
ჰესს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ააშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმბანკი“ მონაწილეობენ.
სამხრეთ კორეული წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ი 20 მლრდ აშშ დოლარის ჯამურ აქტივებს ფლობს და მისი წლიური ბრუნვა 1.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კორპორაცია 1967 წელს დაარსდა და უკვე ორმოცდაათი წელია ეროვნული წყლის რესურსებს მართავს და კორეის დიდი ნაწილს ამარაგებს, რითიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასევე, კორპორაცია კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს ფლობს. გარდა სამხრეთ კორეისა, K-Water-ი საერთაშორისო პროექტებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.
საპარტნიორო ფონდმა ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის ნენსკრაჰესის მშნებელობის პროცესის დაჩქარებული ტემპით განხორციელებაზე ცოტა ხნის წინ დაანონსა.