სიახლეები
-
09 ოქტომბერი 2017თქვენი რეკლამა
“ხრუშჩოვკებს” არანაირი ისტორიული ღირებულება არ აქვს
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ “ხრუშჩოვკებს” არანაირი ისტორიული ღირებულება არ აქვს და მნიშვნელოვანია, მათი ჩანაცვლება კონკრეტული ტერიტორიის კომპლექსური გააზრების შედეგად განხორციელდეს. კერძოდ, ძველი რაიონები ახლებურად გადაგეგმარდეს და საქალაქო უბნებად გადაიქცეს თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით, მაგრამ იდეა არ უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ექსპლუატაციიდან გასული სახლის ადგილი, მასზე ბევრად მაღალმა კორპუსმა დაიკავოს.
როგორც გიგა ბათიაშვილი აცხადებს, ე.წ. ხრუშჩოვკები მიზანმიმართულად, საქარხნო მეთოდოლოგიით, ტიპიური პროექტით შენდებოდა. შედეგად ქალაქმა მიიღო ერთსახოვანი, უგვარო, უძირო განაშენიანება, რომელსაც მხოლოდ თბილისური მისამართი გააჩნია.
“დღეს, როდესაც შეიცვალა ცხოვრების დონზე, ადამიანი განვითარების უფრო მაღალ კულტურულ საფეხურზე ავიდა, მისი საცხოვრებელი სივრცეც შესაფერისი უნდა იყოს. დრომოჭმული ხრუშჩოვკების საინჟინრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განახლება სჭირდება წყალსადენს, კანალიზაციას და სხვა მოძველებულ კომუნიკაციებს”, – მიაჩნია არქიტექტორს.
მისივე განმარტებით, “ხრუშჩოვკა” საბჭოთა პროექტი არ არის, თუმცა, საბჭოთა ეპოქაში გარკვეული მონახაზი შეიძინა. ასეთი ტიპის მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, მთელ მაშინდელ მსოფლიოში აქტუალური იყო, რათა ადამიანების საცხოვრისი გაეუმჯობესებინათ.
ე.წ. ხრუშჩოვკების მშენებლობა თბილისში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, საბურთალოს კვლარტლებიდან დაიწყო და ძირითადად გარეუბნებში გაგრძელდა. განაშენიანდა პატარა და დიდი დიღომი. მშენებლობა განვითარდა თბილისის ზღვის მიმართულებით, გლდანში, ვარკეთილში და პარალელურად ე.წ. აფრიკაში.
არქიტექტორის თქმით, ყველა ესენი საძილე რაიონებია, სადაც მხოლოდ სოციალური ინფრასტრუქტურა – კვების და სასწავლო ობიექტები არსებობს, მაგრამ არ არის შრომითი დასაქმების დაწესებულებები. სკოლებში, ბაგა – ბაღებსა და მაღაზიებში მომუშავე პერსონალის გარდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს სამუშაოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის სხვადასხვა უბნებში უწევს გადაადგილება.
“თბილისის მოსახლეობის 50%-ზე მეტი გარეუბნებში ცხოვრობს. შესაბამისად მათი გადაადგილება იწვევს ქანქარისებულ მოძრაობას, რაც ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების გადატვირთვას, ამ პროცესში მოქალაქეები დროის დიდი ნაწილს კარგავენ”,- აცხადებს გიგა ბათიაშვილი.
წყარო: Dalma News



