მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  სექტემბერი  2017

    ხუდონჰესის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის

    ხუდონჰესის აშენება უკვე 35 წელია თითქმის ყველა მთავრობისთვის დილემაა. სახელმწიფოს სარგებელს ეკონომისტების ნაწილი და გარემოსდამცველები ეჭვქვეშ აყენებენ. ხაიშის თემის მოსახლეობის უმეტესობა ჰესის არსებული პარამეტრებით მშენებლობისა და გადასახლების წინააღმდეგია.
    საქართველოს მთავრობის აზრით კი, პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.


    ხუდონჰესთან დაკავშირებით მთავრობა მსჯელობს იმ ვარიანტზეც, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს. მართალია, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და პროექტის ინვესტორებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულება, მაგრამ თუ ინვესტორი ანუ საერთაშორისო კომპანია ,,ტრანსელექტრიკა” დათანხმდება და ხუდონჰესის პროექტს სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობს, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კერძოდ, სოფელ ხაიშში 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო განახორციელებს.


    სახელმწიფოს მიერ ხუდონჰესის აშენების იდეაზე ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, კახა კალაძესაც განუცხადებია.


    “ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი “წამოიღოს” სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი. ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით “ხუდონჰესის” პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებულ ინდურ კომპანია “ტრანსელექტრიკასთან”. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია და დაფარული არაფერი უნდა იყოს. მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი”, – განაცხადა კალაძემ.


    როგორც ჩანს, მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან ხუდონჰესის პროექტით დაინტერესება ტრანსელექტრიკამ ისევ გამოთქვა.
    ამჟამად ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიამ უნდა შეძლოს და მთავრობა დაარწმუნოს, რომ პროექტის განხორციელებას შეძლებს.
    ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, სახელმწიფო მზადაა გამოისყიდოს პროექტი ინვესტორისგან თუ ამის საჭიროება დადგება.


    “ჩვენ შევთავაზეთ ინვესტორს, დაგვეთვალა მათ მიერ გაწეული ინვესტიცია და თუ კი ისინი თვლიდნენ, რომ აღარ ღირდა პროექტის გაგრძელება ან ვერ აგრძელებდნენ, დაგვეთვალა ხარჯები და გამოგვესყიდა. შიდა მოლაპარაკების შემდეგ, ტრანსელექტრიკამ ითხოვა თვე-ნახევრიანი პერიოდი, რათა წარმოადგინოს განახლებული გეგმა და თუ ეს ჩვენთვის მისაღები იქნება, მაშინ ტანამშრომლობა გაგრძელდება”, – აცხადებს ელოშვილი.


    ტრანსელექტრიკამ ახალი გეგმის შესამუშავებლად თვე-ნახევარი მოითხოვა.


    აღსანიშნავია, რომ ინდური კომპანია ხუდონჰესის პროექტით 2007 წლიდანაა დაინტერესებული, ხოლო მშენებლობის უფლება 2011 წელს მოიპოვა.
    702 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ 125 მილიონი დოლარია.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები