მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  სექტემბერი  2017

    როგორ აპირებენ მერობის კანდიდატები თბილისში მშენებლობებისა და პარკირების პრობლემების მოგვარებას

    დედაქალაქის მთავარ გამოწვევას ინტენსიური მშენებლობები და პარკირების პრობლემა რომ წარმოადგენს, ამას მერობის ყველა კანდიდატი იზიარებს და საკუთარ საარჩევნო პროგრამას მათი მოგვარების დაპირებებით იწყებს.

    მშენებლობები და პარკირება, როგორ აპირებენ თბილისის მერობის კანდიდატები პრობლემის გადაჭრას, "მთელი კვირა" რამდენიმე მათგანის ხედვას გთავაზობთ.

    მშენებლობები

    "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ, პირველ რიგში, შემუშავდება და დამტკიცდება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ამასთან, ქაოსური და უსახური შენობების პრობლემის აღმოსაფხვრელად, შენობის ფასადის იერსახის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების სტანდარტები დადგინდება.

    როგორც კალაძე აცხადებს, გამკაცრდება მშენებლობის კოეფიციენტის გაცემის წესი. ასევე, ავარიული და ძველი შენობებისთვის შეიქმნება ჩანაცვლებისა და განახლების კონცეფცია. გენგეგმის შესაბამისად, ქალაქის სხვადასხვა უბნებში მულტიცენტრები შეიქმნება, რათა ყველა მათგანი თანაბრად განვითარდეს.

    ამასთან, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გაგრძელებასაც გეგმავს და აღნიშნავს, რომ შემუშავდება ქალაქის იერსახის ერთიანი სტილი, რაც წარწერების, შრიფტის აბრებისა და ვიტრინების დიზაინის სტანდარტებს მოიცვას.

    "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ უსახური შენობებით ქალაქის დამახინჯებას არ დაუშვებს, პრობლემის მოგვარებას კი არქიტექტურის სამსახურის უფროსის ღია წესით შერჩევით დაიწყებს.

    "გავზრდი სამშენებლო კომპანიებისთვის მწვანე სივრცის შექმნის ვალდებულებას. ასევე გავზრდი მშენებლობებს შორის დასაშვებ მანძილს. ავარიული კორპუსებისა და სახლების რეაბილიტაციას ყოველწლიურად მოვახმართ 50 მილიონ ლარს და საფუძვლიანად გავამაგრებთ ავარიულ შენობებს. თბილისის ისტორიულ უბნებში აღარ აშენდება მრავალსართულიანი ნაგებობები. განსაკუთრებულად ვიზრუნებ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციასა და რეაბილიტაციაზე," - აცხადებს უდუმაშვილი.

    მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, სამშენებლო ნებართვებზე მორატორიუმს გამოაცხადებს.

    "როგორც კი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გავხდი, პირველივე ინიციატივად სამშენებლო ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება დავაყენე, ნარმანიას ე.წ. სამშენებლო რევიზიების უზრუნველყოფა შევთავაზე. მაშინ "ქართულმა ოცნებამ" გამომიცხადა, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია გაქვსო, არადა, ინიციატივა რომ გაეთვალისწინებინათ, ასეთ სავალალო მდგომარეობამდე არ მოვიდოდით. გამარჯვების შემთხვევაში, სამშენებლო ნებართვებს გადავხედავ და მათ გავაუქმებ," - განაცხადა ელისაშვილმა.

    "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია მშენებლობის პრობლემას ეკოლოგიასთან ერთად განიხილავს. მისი თქმით, საჭიროა გონივრული და შეჯერებული გადაწყვეტილებები, რათა მშენებლობა იყოს იქ, სადაც ეს საჭიროა და ხალხს უნდა.

    "ამიტომ ჩვენ უნდა დავსხდეთ და ყველა ადამიანის ინტერესი გავითვალისწინოთ. უნდა დამთავრდეს დრო, როდესაც განსხვავებას მივყავართ კონფლიქტამდე," - აცხადებს ელენე ხოშტარია.

    "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა აცხადებს, რომ დედაქალაქში საცხოვრებლების ჩადგმა უნდა შეწყდეს და სამშენებლო ნებართვების გაცემა ნულამდე დავიდეს.

    "უკვე გაცემულ ნებართვებზე ჩვენ ვერ წავალთ კანონის წინააღმდეგ, მაგრამ კანონი არ კრძალავს, რომ ადგილმონაცვლეობაზე დაიწყოს საუბარი," - ამბობს კახა კუკავა.

    მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავაც და აღნიშნავს, რომ დეველოპერები, რომლებსაც სამშნებლო ნებართვები დარღვეული აქვთ, სოლიდურად დაჯარიმდებიან.

    მისი თქმით, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო და ახალი ნაგებობის აშენება მათთან შეთანხმდეს, რაც მთავრია, თითოეული შენობა ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს.

    პარკირება

    "ოცნების" მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მერიაში შესვლისთანავე დაასრულებს "იმ უმსგავსობას, რაც დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით ხდება და თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ გარემოში დააპარკინგონ ავტომანქანები."

    ამასთან, დასახელდა ის ადგილმდებარეობები, სადაც მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა.

    კერძოდ, ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროსადგური "მარჯანიშვილი", პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროსადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი. საერთო ჯამში, საუბარია 3 000 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომებზე.

    "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი "სითი პარკის" "ქალაქიდან მოშორება იქნება".

    უდუმაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ "სითი პარკს" 2025 წლამდე კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა, რადგან კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

    "ავაშენებთ მრავალსართულიან მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგებს. სამშენებლო კომპანიებს დავუწესებთ საპარკინგე ადგლების შექმნის გამკაცრებულ ვალდებულებებს," - აცხადებს უდუმაშვილი.

    "სითი პარკისთვის" ხელშეკრულების გაუქმების პირობას დებს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი, რომელსაც სამი პირობა ექნება: პირველი - ხელშეკრულების დარღვევის გამო "სითი პარკისთვის" ჯარიმა თავად ახალმა კომპანიამ გადაიხადოს, მეორე - საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნა და მესამე - პარკინგის სისტემის მოწესრიგება.

    "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ პარკირების სისტემა საათობრივ დროზე უნდა იყოს მიბმული და მხოლოდ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობა 400 000 ავტომობილის საკითხს ვერ გადაჭრის:

    "როცა ფასი შენ გაძლევს საშუალებას, დაარეგულირო პარკირება, გეცოდინება, რომ შარდენზე თუ სხვა ადგილას გინდა მისვლა მანქანით, იქ გადაიხდი მეტს. ფასით რეგულირების გარეშე წარმოუდგენელია, რომ ჩვენ შევძლოთ პარკირების რეგულირება", - განაცხადა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ "სითი პარკთან" ურთიერთობა შეწყდება, თუმცა პარკინგის ოპერირება ნორმალური სახელშეკრულებო პირობებით მაინც კერძო კომპანიით უნდა ხდებოდეს.

    "თბილისი დატოვოს "სითი პარკმა", - ასეთი ამოცანა აქვს "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატსაც. კახა კუკავას თქმით, ახალი კონტრაქტორი კომპანიის ვალდებულება იქნება არა ჯარიმების გამოწერა, არამედ - ავტოსადგომების კეთილმოწყობა.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები