სიახლეები
-
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა 2018 წლის აპრილში დასრულდება
„მომავალი წლის ზაფხულის სეზონზე ტურისტები ქობულეთის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთით გადაადგილდებიან“, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ „კომერსანტს“ განუცხადა.
ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2-ე მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აიგება. მათ შორის არის ხიდები რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS ტექნოლოგიით - ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება. ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფელ საჩინოსთან, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა.
სეთურიძის ინფორმაციით, 1200 მეტრიანი ხიდის მშენებლობა მომავალი წლის აპრილში დასრულდება.
„ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი 1200 მეტრიანი ხიდი შენდება. მისი მშენებლობა აპრილში დასრულდება და მომავალი წლის ზაფხულის სეზონზე, ტურისტები გზის ამ ახალ მონაკვეთზე გადაადგილებას შეძლებენ. აღნიშნული ხიდის საშუალებით და ორი გვირაბით, პირდაპირ ჩაქვში მოხვდებით“, - აღნიშნა სეთურიძემ.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ იმ პროექტებზეც გვესაუბრა, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„წლის ბოლომდე გრიგოლეთიდან ქობულეთამდე მონაკვეთის სამშენებლო ტენდერის შეფასება დასრულებული გვექნება. ასევე, წლის ბოლომდე რიკოთის პირველ სექციაზე - ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ტენდერს გამოვაცხადებთ. წელსვე დასრულდება არგვეთას კვანძი, რომელიც დაახლოებით 13 მილიონიანი ობიექტია და მას ზესტაფონიდან გამომავალ გზას შევუერთებთ. ეს კვანძი რიკოთის მონაკვეთს მიუერთდება", - აღნიშნა სეთურიძემ.
რაც შეეხება მომავალი წლის პროექტებს, გიორგი სეთურიძის განმარტებით, ხულო-ზარზმის მიმართულებაზე ინტენსიური სამუშაოები დაიწყება: „იმედი გვაქვს, ხულო-ზარზმის მიმართულების მშენებლობაზე სატენდერო პროცედურებს დავასრულებთ. უკვე მომავალი წლიდან ამ მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები დაიწყება“.