სიახლეები
-
03 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
"ქუთაისის აეროპორტთან უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება"
“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფართოებლად”, - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას. მისი თქმით, შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური; უახლოეს მომავალში დაიწყება ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტის მახლობლად, რაც პრემიერის განცხადებით, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
„უნდა ავაღორძინოთ ტრადიციული დარგები, ადგილობრივი წარმოება და მინდა, ამაში ჩვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გქონდეთ.
ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს სათანადო ცოდნის მისაღებად, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანი და შეძლონ თანამედროვე მოთხოვნების შესრულება.
რეგიონში გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით მუშაობს, იქნება ეს მეწარმეობის ხელშეწყობა, თუ ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები. იგეგმება საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და მისი ღირებულება, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი არა მხოლოდ ქუთაისის ან იმერეთის, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთელი ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა.