მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  აგვისტო  2017

    წერეთლის N59-ში მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა – თბილისის მერია

    დღეს დილიდან წერეთლის – N59-ში მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს, სპორტული მოედნის ადგილზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდნენ.

    თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, წერეთლის N59-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა.

    როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუმარტეს, აღნიშნულ მისამართზე სპორტული კომპლექსის დარბაზის მშენებლობის მოთხოვნით თბილისის მერიაში განაცხადი იყო შესული, თუმცა განაცხადის შემომტანს მშენებლობის ნებართვაზე უარი ეთქვა.

    აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა მოითხოვდა, ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვა მერიას არ გაეცა. შეკრებილებმა აქციაზე არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მოითხოვეს. აქციაზე თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც მივიდა, რომელმაც მერიას მოუწოდა, მშენებლობის ნებართვა არ გაეცა.

    „სითი კვირა“ წერეთლის N59-ში მდებარე სტადიონის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა და დიდუბის რაიონის გამგეობას მიმართა.

    როგორც დიდუბის რაიონის გამგეობაში განმარტეს, აღნიშნული სპორტული მოედნის მოწყობის პროექტი მზად არის, თუმცა წელს ვერ მოესწო და მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

    „მოსახლეობამ შემოიტანა განცხადება სპორტული მოედნის მოწყობის შესახებ. დიდუბის გამგეობამ მოამზადა მოედნის მოწყობის პროექტი, მაგრამ რადგან გამგეობა პრიორიტეტების მიხედვით ანაწილებს სამუშაოებს, ამ ეტაპზე სხვა მოედნების რეაბილიტაცია ხორციელდება, მათი მდგომარეობის და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. წერეთლის N59-ში მდებარე სტადიონის რეაბილიტაციის საკითხს კი მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ“, – განაცხადეს გამგეობაში.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები