მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ივლისი  2017

    2 გარდაცვლილი მუშა 2 დღეში - რატომ ვერ რეაგირებს შრომის ინსპექცია დარღვევებზე?

    ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე 16 ადამიანი გარდაიცვალა, 17 - დაშავდა. აქედან ბოლო ორი დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე უკვე ორი მუშაა გარდაცვლილი. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელმაც კანონპროექტის ინიციატორების აზრით, მსგავსი შემთხვევები უნდა შეამციროს, ჯერ კიდევ დღის სინათლეს ელოდება.

    დღეს, დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე სახლის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა. ერთი მათგანი, 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა.

    ასევე, უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ დიდ დიღომში, სადაც სამშენებლო ობიექტზე 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა შრომის ინსპექტორმა კი აღნიშნა, რომ ობიექტს დამცავი ბადე არ ჰქონდა და შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუ რატომ ხდება უსაფრთხოების ნორმების შემოწმება მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევა დგება და რატომ არ ხდება მანამდე ამის შემოწმება, ამის გარკვევა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, პაატა ჟორჟოლიანთან ვცადეთ.

    როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, შრომის ინსპექტორები არსებული კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობენ. ახალი კანონპროექტი ჯერ განხილვის პროცესშია და საკანონმდებლო ვაკუუმი გვაქვს.

    „მანამდე არ მოწმდება იმიტომ, რომ ამჟამად შრომის პირობების ინსპექტირების პროგრამა მუშაობს, რომლის მიხედვითაც ჩვენი შრომის ინსპექტორები აფრთხილებენ დამსაქმებელს და მხოლოდ და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში, აქვთ უფლება რომ შემოწმებაზე შევიდნენ. თანხმობა თუ არ იქნება, შესვლის უფლება არ აქვთ. შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმერდების შემდეგ, ინსპექტორს ვალდებულება აღარ ექნება, რომ დამსაქმებელი გააფრთხილოს. კანონპროექტმა კომიტეტებში პირველი მოსმენა გაიარა. ამჟამად მეორე მოსმენისთვის ვემზადებით. ალბათ, საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება. ამჟამად გვაქვს საკანონმდებლო ვაკუუმი და ჩვენი ინსპექტორები მხოლოდ არსებული კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებას ახდენენ“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

    მისი თქმით, არსებული კანონით, შრომის ინსპექტორს სამშენებლო ობიექტზე დარღვევის აღმოჩენის შემდეგ, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია.

    „ამ და ყველა სხვა შემთხვევაში შრომის ინსპექტორის სანქცია მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. ახალ კანონპროექტში გათვალისწინებულია როგორც საჯარიმო სანქციები, ასევე ობიექტის შეჩერებაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ დასკვნას გადავცემთ და მოკვლევას უკვე საგამოძიებო ორგანოები აწარმოებენ, რადგან აქ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა.

    გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მრჩეველი ლაშა ბლიაძე კომერსანტთან საუბრისას აღნიშნავს, ახალი კანონი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და მსგავსი ფატალური შემთხვევები მაინც მოხდება.

    „ახალი კანონი, სამწუხაროდ, უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და მსგავსი უბედური შემთხვევები მაინც მოხდება. კანონი მძიმე და მავნე პირობების მქონე საწარმოებს ეხება და შრომის ინსპექციას უამრავი დათქმა აქვს, როდის უნდა შევიდეს საწარმოში და როდის არ უნდა შევიდეს. საწარმოების ჩამონათვალი იქნება, სად შეუძლიათ შესვლა და რაც ყველაზე აბსურდია, წელიწადში მხოლოდ ერთხელ შესვლა შეეძლებათ. შრომის ინსპექტორს საწარმოში მეორედ რომ დასჭირდეს შესვლა, სასამართლოს განჩინება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ბლიაძემ.

    მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მიღება ხდება არა საზოგადოებისთვის, ვისაც პირდაპირ უკავშირდება სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების დარღვევის საკითხი, არამედ დასავლელი პარტნიორებისთვის: „ამ ყველაფერს არა საზოგადოების ან არსებული სტატისტიკის გასაუმჯობესლებლად, არამედ დასავლელი პარტნიორების თვალის ასახვევად აკეთებენ, რომ ქვეყანას აქვს შრომის ინსპექცია და ა.შ. ფაქტია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამშენებლო ობიექტზე 16 ადამიანი გარდაიცვალა და 17 ადამიანი დაშავდა.“

     


    ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

     

     

     

     


პარტნიორები