მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ივლისი  2017

    სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობა განახლდება

    რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სენაკში 120-მილიონიანი ცემენტის ქარხნის მშენებლობა განახლდება. "საქმის კურსს" შპს "ქართული სამშენებლო მასალების კომპანიის" ხელმძღვანელმა მინდია გუმბარიძემ განუცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები თვის ბოლოს დაიწყება.

    მისი ინფორმაციით, ცემენტის ქარხნის განახლებული პროექტს, რომელშიც გარკვეული პარამეტრები შეიცვალა, ტექნიკური ჯგუფი თვის ბოლოს გაეცნობა და სამუშაოებიც დაიწყება.

    მინდია გუმბარიძის ცნობით, მანამდე დაწყებულია კარიერზე სამუშაოები, სადაც ნედლეულის მოპოვება უნდა მოხდეს. კომპანია კირქვის მოპოვებას ადგილზე ერთ კვირაში დაიწყებს.

    "ქართული სამშენებლო მასალების კომპანიის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქარხნის მშენებლობის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი ზუსტი გრაფიკი, როდის შეძლებს კლინკერის ქარხანა პირველი პროდუქციის გამოშვებას.

    სენაკში 120 მილიონის ღირებულების ცემენტის ქარხნის პროექტი რამდენიმე თვეა შეჩერებულია. პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა ცეზარ ჩოჩელმა "საქმის კურსს" ჯერ კიდევ მარტში განუცხადა, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებები შედიოდა, რის გამოც ქარხნის მშენებლობა დეკემბრიდან დაპაუზებული იყო.

    ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება გასული წლის ზაფხულში დაიწყო.

    2016 წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს-მენეჯმენტის კომპანიას, ჰუალინგ ჯგუფსა და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და "შპს. შავი ზღვის ცემენტის" კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.

    სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები