სიახლეები
-
14 ივლისი 2017თქვენი რეკლამა
"სამშენებლო კომპანიებს დასრულებული ობიექტების დაზღვევის ვალდებულება ექნებათ"
სამშენებლო კომპანიებს უკვე დასრულებული ობიექტების დაზღვევის ვალდებულება ექნებათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ამ ეტაპზე მუშავდება.
"იმ შემთხვევაში, თუ შენობაში რაიმე კონსტრუქციული ხარვეზი, ან უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, რამაც შენობა ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახადა, აღნიშნული დაზღვევის შემდეგ ნაკლის გამოსწორება უნდა მოხდეს“,- განმარტა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიებთან ამ საკითხზე შეხვედრები უკვე გაიმართა.
„სადაზღვევო პოლისი სამშენებლო კომპანიებს ექნებათ შესაძენი და ეს მიმართულება დარეგულირდება, როგორც ჩვეულებრივი დაზღვევა. მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს კანონმდებლობა საწყის ეტაპზეა“,- განაცხადა ქავთარაძემ და აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე მოხდება.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს ახალი ვალდებულებები შეეხება თუ არა იმ ობიექტების მესაკუთრეებს, რომლებმაც შენობა-ნაგებობა მოხმარებლებს ექსპლუატაციაში წლების წინ გადასცეს. შესაბამისად, დაზუსტებული არ არის ობიექტის დასრულებიდან რა პერიოდის განმავლობაში ექნებათ დეველოპერებს დაზღვევის ვალდებულება.



