მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ივლისი  2017

    "სამშენებლო კოდექსის ახალ ვერსიაში ხარვეზებია"

    ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე სამშენებლო კოდექსის პროექტში განაშენიანების კოეფიციენტების გადაჭარბების შესაძლებლობას ხედავს. როგორც ზურაბ ბაქრაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, 2015 წლის ჩათვლით თავად ჩართული იყო სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში და ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა, თუმცა დოკუმენტის ის ვერსია, რომელიც ამ ეტაპზეა პარლამენტში წარდგენილი, მრავალი მიმართულებით ხარვეზებს შეიცავს, მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებთან დაკავშირებით ჩანაწერი.

    „როგორც ჩანს, ინვესტორთა ლობის ზეწოლით შეტანილია ისეთი ცვლილებები, რომელიც ფაქტიურად გააგრძელებს იმ თვითნებობას კოეფიციენტების გადაჭარბებაში და ზონის ცვლილებებში. ფაქტია, რომ ის წინაპირობები, რომლებიც ახლა დადებულია განაშენიანების გეგმის მიერ კოეფიციენტების გადაჭარბებისთვის, გადმოღებულია ახლანდელი სამართლიდან. ეს არის ერთის მხრივ, პრინციპულად არასწორი და მეორეს მხრივ, არასრული, რაც გამოიწვევს ამ კოეფიციენტების გაყიდვის მაგივრად, განაშენიანების გეგმების მიერ ამ კოეფიციენტების გადაჭარბებას და ქალაქი იმავეს მიიღებს. სასწრაფოდ არის საჭირო აქ ჩარევა და ასეთი შეცდომების გასწორება“, - მიიჩნევს ბაქრაძე და კოდექსის 41-ე და 47-ე იმ მუხლებზე მიუთითებს.

    „41-ე მუხლი. განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა


    განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების რეგულირების პარამეტრების მაქსიმალური მაჩვენებლები შეიძლება გადამეტებულ იქნეს, თუ:
    ა) ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით;
    ბ) ამას მოითხოვს ქალაქთმშენებლობითი განვითარების განსაკუთრებული მიზეზები; (მაგ., ურბანული ღირებულების დაცვა და განვითარება);
    გ) ამას არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას.

    47-ე მუხლი. ქალაქთმშენებლობითი ადმინისტრაციული ხელშეკრულება


    ამ კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შეულახავად კერძო სამართლის პირების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ შესაძლებელია ინიცირებული იქნეს ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება კერძო დაფინანსებით, ამ კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. უფლებამოსილი ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მხარეებს შორის იდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება”, - წერია კოდექსის პროექტში.
    შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მომატებაზე შეზღდუდვაა დაწესებული.

    "სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტში 2016 წლის ნოემბერში წარადგინა, თუმცა მისი საკომიტეტო განხილვება ჯერ არ დაწყებულა. ორი დღის წინ კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ექსპერტებსა და დეპუტატებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

     

     

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები