მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ივლისი  2017

    დღეს დიდ ქალაქებში შენდება უძრავი ქონება და არა არქიტექტურული ნაგებობები"

    დედაქალაქის შემდეგ სამშენებლო თვალსაზრისით პრობლემები სხვა ქალაქებშიც გაჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ბათუმში მშენებლობის ტემპი გაიზარდა და ქაოსის ნიშნები აშკარად გამოიკვეთა. ურბანისტების თქმით, ბათუმის სხვადასხვა ქუჩაში დასრულებული ან მიმდინარე მშენებლობა უსისტემოა. აუცილებელია ჩარევა და ერთიანი პროექტის შედგენა, რაც დამატებით პრობლემებს აარიდებს დასახლებულ პუნქტს. სპეციალისტების თქმით, დღეს დიდ ქალაქებში შენდება უძრავი ქონება და არა არქიტექტურული ნაგებობები.

    თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე გადატვირთულ ქალაქად მიიჩნევს ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე. ისევე, როგორც დედაქალაქში, აჭარის მთავარ ქალაქშიც უსისტემო მშენებლობა მიმდინარეობს.

    "ბოლო წლებია, ბათუმში კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა. აქ მხოლოდ ისტორიულ ქალაქზე არ არის ლაპარაკი, ზოგადად, ყველგან ყველაფერი დაირღვა. როდესაც რაღაც შენდება და ვითარდება, ადამიანს გიხარია, რადგან ეს შენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის კეთდება, თუმცა გააჩნია, სად და როგორ. იმავეს გაკეთება შეიძლებოდა კულტურულადაც, არ უნდა დაშავებულიყო ისტორიული შენობები.

    ისტორიულ უბანში როგორც კი ასეთი მრავალსართულიანი სახლების აგებას იწყებ, მაშინვე ქალაქგეგმარების სტრუქტურა ირღვევა. აღარ ვლაპარაკობ სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით, სადაც ასევე უამრავი პრობლემაა.

    ბათუმში არსებული შენობები უსისტემოა, არავითარი ხედვა და განვითარება არ არსებობს. ცალკეულ მიწის ნაკვეთზე ვინც რა უფლებას მოიპოვებს, რასაც უნდა, იმას აშენებს. წესით და რიგით, როგორც კი რომელიღაც კვარტალში გაჩნდება 4-5 მოთხოვნა საცხოვრებლის ან თუნდაც სასტუმროს სახით, არქიტექტურის სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა იმუშაოს განაშენიანების გეგმაზე. რასაკვირველია, იქ მსგავსი არაფერი ხდება. 14-18 ან შედარებით დაბალსართულიანი სახლები ისე შენდება, არავითარი გეგმა არ არსებობს.

    აყველა საქალაქო სამსახური უნდა მოქმედებდეს სწრაფად, რადგან 4 და მეტი მრავალსართულიანი შენობა თუ უნდა აშენდეს, რისი მოთხოვნაც აქვთ ინვესტორებს, როგორც წესი, მაშინვე უნდა შეადგინონ ერთიანი პროექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ქაოსს", - განუცხადა "რეზონანსს" ბოლქვაძემ.

    ახალი მშენებლობით გადატვირთული ბათუმის იერსახე რომ სრულიად დარღვეულია, ამას ადასტურებს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძეც. მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შენდება მხოლოდ უძრავი ქონება და არა არქიტექტურული ნაგებობები.

    "თბილისის შემდეგ სიმჭიდროვის მიხედვით ბათუმი ლიდერია. იმდენად გადატვირთულია ამ ქალაქის ქუჩები, რომ ესთეტიკური მხარე სრულიად დარღვეულია. განადგურებულია საკურორტო განაშენიანება, ახალი ბათუმი განსაკუთრებით. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ უძრავი ქონება არქიტექტურას არ ნიშნავს. ჩვენ ვაშენებთ უძრავ ქონებას და არა არქიტექტურულ ნაგებობებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა", - განუცხადა "რეზონანსს" ვარდოსანიძემ.

    შენობებით გადატვირთულ ქალაქად ქუთაისსაც ასახელებს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი. მისი თქმით, ქალაქის ტერიტორია იმდენად პატარაა, რომ შენობებს ვერ იტევს და ქაოსი იქმნება. ახალმა შენობებმა ქალაქების იერსახე (განსაკუთრებით ბათუმში) მხოლოდ ცუდი მხრიდან შეცვალა. არქიტექტორმა ბათუმში საკანალიზაციო პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნებისმიერ დასრულებულ პროექტს სჭირდება ძირეული რეაბილიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა მუდამ მოუგვარებელი დარჩება.

    "თბილისის შემდეგ ქუთაისში და ბათუმშია ცუდი მდგომარეობა. ტერიტორია პატარაა, ხოლო მიმდინარე მშენებლობა ბევრია. სხვა ქალაქებში ნაკლებად შევხვდებით ასეთ სიტუაციას. უამრავმა მშენებარე კორპუსმა დიდი ქალაქების იერსახე მთლიანად შეცვალა და, სამწუხაროდ, მხოლოდ ცუდის მხრივ.

    ბათუმს, წლებია, კიდევ ერთი დიდი და მოუგვარებელი პრობლემა აქვს კანალიზაციის სახით. ყოველი დიდი წვიმის შემდეგ ქალაქში საშინელება ხდება. ასე მანამ გაგრძელდება, ვიდრე ძირეული რეაბილიტაცია არ ჩატარდება. ყველაფერს მიხედვა სჭირდება. თავის დროზე სამუდამოდ ხომ არ გაკეთებულა, თანაც ისე, რომ ჩარევაც არ დასჭირდეს. განსაკუთრებით ბათუმში საჭიროა სასწრაფო რეაბილიტაცია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიგა ბათიაშვილმა.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები