სიახლეები
-
30 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
ექვსი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე უკვე 18 დაღუპულია. აქედან 11 სამშენებლო ობიექტზე მოხდა
„პროექტი ბიზნესზეც კი არ არის მორგებული" - პროფკავშირები შრომის უსაფრთხოების კანონპროექის ხარვეზებზე
ხელისუფლებამ უნდა გაბედოს, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი დათქმების გარეშე მიიღოს" - ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანაშემწემ, ლაშა ბლიაძემ „კომერსანტს" განუცხადა.
მისი თქმით, პროფკავშირების მოთხოვნაა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი საჯარო და კერძო სექტორში ერთნაირად ვრცელდებოდეს და ასევე, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს ეხებოდეს.
„პროფკავშირები ამ სფეროში რეგულაციების ამოქმედებას წლების განმავლობაში ითხოვს. თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ უკავშირდება მხოლოდ იმ საწარმოებს, სადაც მძიმე, მავნე და საშიში პირობებია, არამედ ჩვენ გვინდა, რომ კანონი დასაქმებულებსა და დამსაქმებლებზე ვრცელდებოდეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ხელისუფლებას უნდა ეყოს ნება და გაბედოს, რომ კანონი დათქმების გარეშე მიიღოს. ახლა ჩვენ რეალურად ვიღებთ კანონს, რომელიც დაფარავს საწარმოთა ნაწილს. ერთი დათქმა არის ის, რომ მხოლოდ საწარმოთა ნაწილზე ვრცელდება. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს იმ ჩამონათვლის შესახებ, რომელ საწარმოებს შეეხება. მეორე ისაა, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე, შრომის ინსპექტორს შემოწმების უფლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ ექნება. მესამე ისაა, რომ ჯარიმებს სასაცილო ფასები აქვს, ყოველ შემთხვევაში ბიზნესისთვის და ა.შ. ასე დათქმებით მიღებული კანონი ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა ბლიაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პატიოსანი ბიზნესი დაიჩაგრება, ხოლო ის ბიზნესი, რომელიც საერთო სტანდარტებს უგულვებელყოფს, ჯარიმას მარტივად გადაიხდის და საქმიანობას ისევ განაგრძობს.
„სამწუხაროდ, პატიოსანი ბიზნესი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს მაინც ასრულებს, კიდევ უფრო დაიჩაგრება. ხოლი ის ბიზნესი, ვინც უგულვებელყოფს საერთო სტანდარტებს, დარღვევის შემთხვევაში, გადაიხდის ჯარიმას 50 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში 2000 ლარს. ერთი კვადრატული მეტრი 2000 ლარი არ ღირს, ასე რომ, საწარმოსთვის ეს თანხა არაფერია. მარტივად გადაიხდის და თავის საქმიანობას ისევ ისე გააგრძელებს. თანაც შრომის ინსპექტორს საწარმოს შემოწმება წელიწადში ერთხელ შეუძლია", - განაცხადა ლაშა ბლიაძემ.
მისივე თქმით, კანონის მიღების დროს, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალიწისნებული ის პრობლემები, რაც დასაქმებულებს აწუხებთ: „თუ ჩვენ გვინდა კანონი იმისთვის, რომ ამ სფეროში რეალური ცვლილებები მოხდეს და იმ პრობლემებზე გვქონდეს პასუხი, რაც საზოგადოებას ასე აწუხებს, მაშინ სოციალური პარტნიორების და დასაქმებულების პრობლემები უნდა გაითვალისწინონ".
ლაშა ბლიაძის განცხადებით, პროფკავშირები ბოლომდე იბრძოლებს, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში მოსმენების მეორე ეტაპზე მაინც შეიტანონ.
„ვაპირებთ ვიბრძლოთ იმისთვის, რომ ცვლილებები შევიდეს ისე, როგორც არის ევროპულ ქვეყნებში და როგორც ასოცირების ხელშეკრულება მიგვითითებს და არა ისე, რომ ბიზნესზე იყო მორგებული. თუმცა რომ დავფიქრდეთ, მთლად ბიზნესზე მორგებულიც არ არის, რადგან როცა უბედური შემთხვევები ხდება, ეს აზარალებს ბიზნესსაც. ჩვენი მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე უკვე 18 დაღუპულია. აქედან 11 სამშენებლო ობიექტზე მოხდა", - აღნიშნა ლაშა ბლიაძემ.




