სიახლეები
-
27 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
სენაკში ცემენტის ახალი ქარხნის მშენებლობა 1 თვეში განახლდება - "ჩვენი პროდუქცია უკონკურენტო იქნება"
სენაკში ცემენტის ახალი ქარხნის მშენებლობა 1 თვეში განახლდება. როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება რამდენიმე თვეა შეჩერებულია. დღეს ქარხნის დირექტორი მინდია გუმბარიძე განმარტავს, რომ 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქარხანის მშენებლობა შედარებით შეცვლილი პროექტით განახლდება.
მისი განცხადებით, მოხდა პროექტის ტექნიკური მხარის შეცვლა,რომელიც არ გულისხმობს პროექტის არც სიმძლავრეების და არც ინვესტიციის კუთხით შეცვლას. გუმბერიძე აცხადებს, რომ შეიცვალა მხოლოდ ტექნიკური დეტალები. „ქარხნის დაპროექტება ხელახლა მოხდა. მომდევნო თვის ბოლოდან, სამშენებლო სამუშოებს აქტიურად განვაახლებთ"-აცხადებს გუმბერიძე.
კითხვაზე, თუ რატომ დადგა დაპროექტებული ქარხნის ხელახლა დაპროექტების აუცილებლობა, გუმბერიძე აცხადებს, რომ მუშაობის დროს ეს ბუნებრივი მოვლენაა. „სასურველი იყო, რომ არ მომხდარიყო. აქ შეცდომებზე არ არის საუბარი, უბრალოდ, უფრო კარგად მოვარგეთ არსებულ გარემოს"-აცხადებს გუმბერიძე.
მისივე მტკიცებით, ფინანსებთან და პარტნიორებთან არანაირი შეუთანხმებლობა არც ყოფილა და არც ახლა არ არის.
მისი ინფორმაციით, სენაკში 120-მილიონიანი ცემენტის ქარხანა 2018 წლის ბოლოსთვის გაიხსნება და წელიწადში 1.2 მილიონი ტონა ცემენტს გამოუშვებს. გუმბერიძის განმარტებით, გამოშვებული იქნება რამდენიმე სახეობის ცემენტი. მათ შორის, ჩვეულებრივი ცემენტი, რომელიც ძირითადად მშენებლობაში გამოიყენება. ასევე იქნება სპეციალური ცემენეტი, რომლებიც ზღვაში ამ მდინარეებში ბეტონირებისთვის გამოიყენება.
ვინ იქნება სენაკის ცემენტის ქარხნის მიერ გამოშვებული ცემენტის კონკურენტი და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბაზარზე რა წილის დაკავებას გეგმავს, გუმბერიძე მცირე კომენტარით შემოიფარგლება და აცხადებს, რომ სენაკის ცემენტის ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქცია უკონკურენტო იქნება.
სენაკის ცემენტის ქარხნის დირექტორი აცხადებს, რომ გამოშვებული პროდუქცია ექსპორტზეც გავა. „მოლაპარეკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან. კერძოდ, მოხდება ისეთი მასალების იმპორტი, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება. სანაცვლოდ კი ამავე ქვეყნებში სენაკის ქარხნის მიერ წარმოებული ცემენტის ექსპორტი განხორციელდება"-აცხადებს გუმბერიძე.
მისივე ინფორმაციით, ექსპორტ-იმპორტის საკითხთან დაკავშირებით მემორანდუმები უკვე გაფორმებულია უკრაინულ, ბულგარულ და რუმინულ კომპანიებთან.
შეგახსენებთ, ცეზარ ჩოჩელმა ცემენტის ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყება გასული წლის აპრილში „კომერსანტთან" დააანონსა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სენაკში წარმოებული ცემენტი არსებულზე მისაღები ფასით გაიყიდება ბაზარზე,. რაც შეეხება ხარისხს,ჩოჩელის თქმით, მას საქართველოს ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს, რადგან მის მიერ წარმოებული ცემენტი ძალიან მაღალი ხარისხის იქნება. პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება.
ავტორი: სოფო ქსოვრელი ( რადიო კომერსანტი )