მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მაისი  2016

    კომპანია „სვეტი" ბათუმის 4–სეზონიან კურორტად ქცევას გეგმავს

    დეველოპერული კომპანია „სვეტი" ბათუმში დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს. საუბარია ოლიმპიურ ქალაქზე, რომელიც გააერთიანებს 5 ელიტარულ საცხოვრებელ კორპუსს (1 კორპუსი -18 სართულიანი, 2 კორპუსი -23 სართულიანი და დანარჩენი 2 კორპუსი - 30 სართულიანი) და ზღვაში შეჭრილ გასართობ ობიექტებს, მათ შორის იახტ-კლუბებს. ანუ, საუბარია, ეგრეთ წოდებულ „მარინა ბათუმის კონცეფციაზე".

    როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანელიძე აცხადებს, საცხოვრებელი კორპუსების 1-2 სართული კომერციული დანიშნულების იქნება, რაშიც კომპანია 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. რაც შეეხება „მარინა ბათუმის კონცეფციის" მოწყობას, „სვეტი" ამაში კიდევ 10 მილიონ დოლარს დახარჯავს.

    ჯანელიძის თქმით, სამშენებლო ნებართვის მისაღებად კომპანია განაცხადს ბათუმის მერიაში უახლოეს პერიოდში შეიტანს. სავარაუდოდ, 1.5 თვის შემდეგ კი მშენებლობას დაიწყებს. მისი თქმით, პროექტის დასრულება დაახლოებით 3 წელში იგეგმება. თუმცა, საცხოვრებელი ტიპის კორპუსები ეტაპობრივად დასრულდება. ჯანელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გეოდეზიური კვლევები მიმდინარეობს.

    „საპროექტო დოკუმენტაცია კარგად არის მომზადებული, შესაბამისად, თუ არ იქნება საჯარო და არქიტექტურული სამსახურების მხრიდან ძალით ხელშეშლა, სამუშაოების დასაწყებად ხელს არაფერი შეგვიშლის"-აცხადებს ჯანელიძე.

    მისი თქმით, „სვეტის" ბათუმის პროექტში ფასი ხედების, ლოკაციის და სართულების მიხედვით განისაზღვრება. შედეგად, პროექტში 1კვ.მეტრის ფასი 600-800-1000 დოლარი იქნება.

    რაც შეეხება გაყიდვებს, მისი თქმით, პროექტი ძირითადად უცხოელებზეა გათვლილი. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯავშნები ქართველებს უკვე გაკეთებული აქვთ. „გვინდა. რომ ტურისტებს შევაძენინოთ ბინები, რადგან ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შევუწყოთ" -აცხადებს ჯანელიძე.

    კომპანია „სვეტი" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია. შესაბამისად, „სვეტის" ბათუმის პროექტის ფარგლებში მოხდება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაც, რაც დამატებით, სხვადახვა ინფრასტრუქტურის და ღონისძიების მოწყობაში გამოიხატება.

    „რაც მთავარია ბათუმს, როგორც დიდ საზღვაო ქალაქს, ეძლევა შესაძლებლობა ჰქონდეს ელიტარულიი იახტ-კლუბი, რომელიც სეზონზე დამატებითი შემოსავლის მოზიდვის საშუალება იქნება ბათუმელებისთვის. გარდა ამისა, ჭადრაკის სასახლე, რომელიც ჩვენი საკუთრებაა, გადავეცით ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტულ საზოგადოებას, სადაც მოვუწყობთ ჭიდაობის ყველა სახეობის საერთაშორისო სტანდარტის დარბაზს, რათა ჩვენთან ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირები. მთელი ზამთარი ჭიდაობის ყველა სახეობის ნაკრები საწვრთნელ შეკრებებს ბათუმში ჩაატარებს. ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, რათა ბათუმი ზამთარშიც გამოვაცოცხლოთ ,ასე განვითარდა ანტალიაც და საერთაშორისო პრაქტიკაც ამას გვიჩვენებს"-აცხადებს ჯანელიძე.

    შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე და ამ მიმართულებით მუშაობაზე 2016 წლის მარტში, მშენებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

     

     


პარტნიორები