სიახლეები
-
თბილისში „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის" 60-მილიონიანი პროექტები შეჩერებულია
თბილისში 60 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები შეჩერებულია. ამის შესახებ „კომერსანტთან" კომპანია „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე აცხადებს. მისი თქმით, კომპანიას, რომელსაც ვაკის პარკთან სასტუმრო „ბუდაპეშტის" აშენების შესაძლებლობა არ მისცეს, ახლა თბილისის მერია ყველა სხვა დაგეგმილ პროექტზე მშენებლობის ნებართვას არ აძლევს, რაც მის საქმიანობას აფერხებს.
ზაქაიძე ამბობს, რომ ამჟამად კომპანიას მერიაში 4 ახალ პროექტზე აქვს განაცხადი შეტანილი და ნებართვის მიღების შემთხვევაში კომპანია ვაკე-ვერა-საბურთალოს ტერიტორიაზე სასტუმროების და ბიზნეს ცენტრების მშენებლობას გეგმავს.
სასტუმროები 4-ვარსკვლავიანი იქნება და მათში საერთაშორისო ბრენდები შევლენ. ამ დროისთვის უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება მსოფლიო ბრენდ Park inn by Radisson-თან, რომელიც ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის ადგილას აშენდება.
შეგახსენებთ, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია 2012 წლის სექტემბერში შპს „ტიფლის ბიზნეს ჯგუფზე" გასხვისდა. 2015 წელს შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები იყვნენ. ზაფხულშივე კომპანიამ ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება ვაკის პარკთან დაგეგმილი სასტუმრო „ბუდაპეშტის" 22 მილიონიან პროექტს, „ტიფლის ბიზნეს ჯგუფმა" ეს პროექტი 2016 წლის დასაწყისში, ამერიკელ ინვესტორებზე გაყიდა. ზაქაიძე ინვესტორის ვინაობაზე არ საუბრობს. არ სახელდება არც გარიგების მოცულობა. „ფინანსურად ვეღარ გავუძელი პროექტის შენახვა-გაგრძელებას, ისინი კი დებენ ინვესტიციას და აშენებენ. სხვას ვერაფერს გეტყვით"-აცხადებდა მაშინ ზაქაიძე.
სასტუმროს პროექტის ჩაშლაში ზაქაიძე თბილისის მერიას ადანაშაულებს. თავის დროზე ინვესტორი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავდა და პროექტის შეფერხებით მიღებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.
ამ თემაზე "კომერსანტი" თბილისის მერიისგან პასუხს ელოდება.





