მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  მაისი  2016

    „რაღაც მომენტში შეიძლება თბილისი დაინგრეს“ - რა შეზღუდვები დააწესა თბილისის მერიამ?

    მშენებლობის ბუმი - ეს დედაქალაქის ერთ-ერთი მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემაა. როგორც ჩანს, სპეციალისტების გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რაც ამ მშენებლობების გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს, შედეგი ჯერ ვერ გამოიღო. თბილისში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა კვლავ გრძელდება. მართალია, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლოზუნგი სწორედ მასშტაბურ მშენებლობებზე უარის თქმა იყო. თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა. მეტიც, მერიამ პანორამა თბილისის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელსაც როგორც მოსახლეობის ნაწილი, ასევე, სპეციალისტებიც ეწინააღმდეგებიან. რაც მოსალოდნელ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

    რა ელის თბილისს თუ მასიური მშენებლობები არ შეიზღუდება, ხოლო მშენებლობები შესაბამისი ნორმის დაცვის გარეშე წარიმართება? - როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერია მშენებლობაში არსებული წესების ახალ რედაქციაზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება. მერია იმედოვნებს, რომ ამ გზით თბილისში ქაოტური მშენებლობები შემცირდება.

    საუბარია ე.წ. K2 კოეფიციენტის შეზღუდვაზე, რაც მაღალსართულიანი შენობის მშენებლობის შეზღუდვას გულისხმობს . რაც შეეხება K3 კოეფიციენტს, მერიის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი ანუ K3 10%-ის ნაცვლად 20%-მდე გაიზრდება.

    „იმისათვის, რომ გენგეგმაში მოსალოდნელი ცვლილებები გათვალისწინებული იყოს, ქალაქი აწესებს დროებით შეზღუდვებს, რათა შედეგები, რომელიც ამ პერიოდში ქალაქში შეიძლება განხორციელდეს, არ იყოს სავარაუდოდ ასახული გენგემაში. ცვლილებები ეხება K2-სა და K3-ის დათვლის წესს. ზონალურ საბჭოზე გამოდის საკითხები, რომელიც ეხება დაწესებული ნორმის ზღვარს ზემოთ უფლებების გაცემას. ამ წესში იქნება შეზღუდვები, რომელიც ითვალისწინებს K2-ის მომატებას მხოლოდ ერთხელ და ისიც სათანადო ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძელზე", - განაცხადა „პოლიტკომერსანტთან" არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, დიმიტრი მოსულიშვილმა.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბური მშენებლობები უკვე ნებადართულია. მათ შორის, მშენებლობის კოეფიციენტი ისტორიულ უბნებშიც გაიზარდა, სადაც ადრე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა აკრძალული იყო, იქ დაშვებულია.

    თუმცა, „პოლიტკომერსანტთან" საუბარში ეს ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ არ დაადასტურა. „თბილისში მასშტაბური მშენებლობები დაშვებული არ არის. ამასთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ არსებობს", - აღნიშნა ლექვინაძემ და განმარტა, რომ თბილისის მერიამ ამ პრობლემაზე მსჯელობა უკვე დაიწყო.

    რაც შეეხება მერიის მიერ დადგენილ შეზღუდვებს, სპეციალისტების შეფასებით, რამდენიმე კოეფიციენტის ცვლილება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

    „პოლიტკომერსანტთან" საუბარში ევროკომისიის ექსპერტი ენერგოეფექტურობის საკითხებში და ექსპერტთა კავშირის „მდგრადი ენერგია და გარემო" დირექტორი ხათუნა სიჭინავა ამბობს, რომ მოსალოდნელი არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად, მერიამ დედაქალაქში მშენებლობები უნდა აკრძალოს.

    „მერიას თავისუფალად შეუძლია დაამტკიცოს, რომ ამგვარი შენობები ქალაქისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ბინებს ყიდულობენ, ძალიან მავნეა. აუცილებელია, რომ მერიამ მშენებლობები შეაჩეროს. გასაგებია, რომ ძალიან ბევრი მშენებლობის ნებართვა რამდენიმე წლის წინ გასცეს, მაგრამ მერიამ ნორმატიული აქტები უნდა შეიმუშავოს და ეს მშენებლობები შეაჩეროს. რაც შეეხება მაღალსართულიან მშენებლობებს, ამასთან დაკავშირებით მერიამ გეოლოგიური სამსახურის დასკვნები უნდა მოითხოვოს, რომ ეს შენობები მდგრადი და უსაფრთხოა. სამწუხაროდ, ამის შეფასება წლებია აღარ ხდება, ეს სამსახურები მოიშალა. გეოლოგიური შემოწმებები აღარ ხდება. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე 32 სართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც კატასტროფაა. რაღაც მომენტში შეიძლება თბილისი დაინგრეს. ცხადია, შესაბამისი შემოწმებისა და დასკვნის გარეშე რთულია იმის თქმა, ბოლო წლებში აშენებული კონკრეტულად რომელი ახალი შენობები შეიძლება დაიშალოს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ბუნებრივ კატაკლიზმებს 20 სანტიმეტრიანი ბლოკებით აშენებული კორპუსები რამდენად გაუძლებს, ადვილი მისახვედრია. სამწუხაროდ, მერიის ზედამხედველობის სამსახური უკვე აშენებული კორპუსის მდგრადობას არ ამოწმებს. ზოგადად, სანამ შენობა ექსპლუატაცია შევა, მანამდე ყველა სახის სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს და მხოლოდ მათი დადებითი დასკვნის შემთხვევაში, შენობა ექსპლუატაციაში შედის. თუმცა, დღეს შესაბამისი ნორმატიული აქტები აღარ არსებობს და როგორ უნდა თქვას სპეციალისტმა ნორმატივებს ექვემდებარება თუ არა?! თუკი სავალალო შედეგების თავიდან აცილება გვსურს, მაშინ მერიამ მშენებლობები უნდა შეაჩეროს. ჩემი აზრით, თბილისში 6-7 სართულზე მაღალი შენობის აშენების უფლება აღარ უნდა მისცენ.

    რაც შეეხება გამწვანების კოეფიციენტის გაზრდას, ეს აუცილებელია. კარგად იცით, ამ მხრივ დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა, ჰაერი როგორი დაბინძურებულია. ამიტომ, საუბარი იმაზე, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია თუ არა, არ ღირს. რადგან კოეფიციენტის გაზრდით ქალაქი ოდნავ ამოისუნთქავს", - ამბობს ხათუნა სიჭინავა.

     

     


პარტნიორები