სიახლეები
-
17 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
ბათუმის „დინამოს“ახალი საწვრთნელი ბაზის შეჩერებული მშენებლობა განახლდა
ბათუმში, ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება, განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს სამუშაოების მიმდინარეობის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმისთვის. წლების მანძილზე ბათუმის „დინამოს“ არ ჰქონდა საწვრთნელი ბაზა და ის წვრთნებს მეზობელ რაიონში აწარმოებდა. სულ რაღაც რამოდენიმე თვეში, მათ ექნებათ არაჩვეულებრივი ბაზა. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი რამოდენიმე თვეში დასრულდება. ეს არის საკმაოდ ღირებული პროექტი. მასზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.
სპორტული ბაზის მშენებლობა გასული წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ელექტრომშენმა“, რომლის ანგარიშზეც ბათუმის მერიამ 2 მილიონი ლარი ავანსად ჩარიცხა, ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა და ახალი ტენდერი გამოცხადდა. 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის განხორციელების უფლება შ.პ.ს „მონოლითი-2005“-მა მოიპოვა და მშენებლობას, ამჯერად, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს.
როგორც მერიის სამსახურები იუწყებიან, პირობების დამრღვევი კომპანიისთვის ავანსად ჩარიცხული 2 მილიონი ლარი გარანტიორი ბანკისგან მერიამ უკანვე დაიბრუნა.
კომპლექსი დეკემბერში უნდა გაიხსნას. ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების გარდა, კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, სპორტსმენების ვარჯიშისა და დასვენებისთვის აუცილებელ თანამედროვე ინფრასტრუქტურას და მოცულობით ტერიტორიას პარკინგისთვის.