სიახლეები
-
16 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
რა შემთხვევაში შეუძლია ავარიული სახლის მეპატრონეს მოითხოვოს გამაგრებითი სამუშაოების დაფინანსება (?)
თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავარიული სახლების მაცხოვრებლებს გამგეობის თანადაფინანსების პროგრამას აცნობს და განმარტავენ, რა შემთხვევაში შეუძლია გამგეობას დააკმაყოფილოს სახლის ფუნდამენტური გამაგრების შესახებ განცხადება.
პირველ რიგში სახლის გამაგრების მოთხოვნით, განცხადება შედის გამგეობაში, სადაც განიხილავენ და გამგეობის წარმომადგენლები ობიექტზე გადიან. დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილებას კი, გამგეობაში შექმნილი კომისია ამტკიცებს.
გამაგრების სამუშაოების დაწყებამდე უნდა შედგეს პროექტი, რომლის ღირებულების 90%-ს გამგეობა, ხოლო 10%-ს მოსახლეობა იხდის. თუ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაშინ ამხანაგობა ამ პროექტს წარადგენს ძეგლთა დაცვის კომისიაზე და სამუშაოების განხორციელების ნებართვას ღებულობს.
იმ შემთხვევაში, თუ სახლი 4 ან მეტი სართულისგან შედგება და გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება 100 000 ლარს აღემატება, გამგეობა ვერ განახორციელებს სამუშაოებს, რადგან ეს უკვე თბილისის მერიის კომპეტენციაა.
როგორც „სითი კვირას“ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუმარტეს. თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გამაგრების სამუშაოების ღირებულების 90%-ს გამგეობა, ხოლო 10%ს მოსახლეობა იხდის, ამასთანავე, თუ მისამართზე სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, მის ფულსაც გამგეობა დებს.
მაგრამ იმისათვის, რომ გამგეობამ შეძლოს ობიექტის გამაგრება, მოსახლეობის მხრიდან საჭიროა ამხანაგობის წევრთა ერთი მესამედის ხელმოწერა, კრების ოქმი და ხარჯთაღრიცხვა.
„როცა შესაბამისი ბრძანება გამოვა, რომ ესა და ეს მისამართი უნდა გამაგრდეს, ამხანაგობა წარმოადგენს ქვითარს გამგეობაში, რომ ღირებულების 10%-ი გადაიხადეს და ამის შემდეგ იწყება სამუშაოები. თუ ამხანაგობის წევრებიდან ერთი მაინც იქნება წინააღმდეგი რომ არ გამაგრდეს სახლი და ა.შ. გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რაიმე სახის სამუშაო“, – განაცხადეს გამგეობაში.



