სიახლეები
-
14 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
გენგეგმის დამტკიცების შემდეგ სამშენებლო შეზღუდვები ამოქმედდება
თბილისის მერის დავით ნარმანია აცხადებს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება იმ ქუჩებზე, სადაც, ისედაც მაღალი სიმჭიდროვეა და შეუძლებელია კიდევ მჭიდროდ განვითარდეს.
როგორც დავით ნარმანიამ პორტალ „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი სპეციალისტების ფართო ჩართულობით მუშავდებოდა.
მისივე თქმით, დოკუმენტი ქალაქს სთავაზობს ზონირებას, კერძოდ, გამოიყოფა ტერიტორიები, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში უნდა განვითარდეს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დაწესდება მაღალი სიმჭიდროვის ქუჩებზე.
“იქნება 40-ზე მეტი სხვადასხვა სახის რუკა, რომელზეც დეტალურად იქნება დატანილი სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმები. საბოლოოდ, ძალიან სერიოზულ დოკუმენტს ვიღებთ, რომელიც ქალაქის სწორი განვითარების მნიშვნელოვანი კონსტიტუცია იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, გენგეგმის პროექტის საჯარო განხილვები ზაფხულის განმავლობაში გაიმართება ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არქიტექტორთა ასოციაციაში, ასევე, მეცნიერებათა აკადემიაშიც, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა მაქსიმალურად წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, შენიშვნები, მოსაზრებები. საბოლოო ვერსიის საკრებულოსთვის წარდგენას კი, სექტემბრისთვის ვარაუდობენ.



