მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ივნისი  2017

    13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია

    თბილისში მომხდარი სტიქიიდან ორი წელი გავიდა. ​​როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, 2015 წლის, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია, მათ შორის, წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელი, გზები და საყრდენი კედლები, გატანილია გრუნტი და სამშენებლო ნარჩენები, გამაგრდა ფერდობები.

    ​მათივე ინფორმაციით, განხორციელდა დიდი პროექტებიც, როგორიცაა გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ვერეს ხეობაში ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე. აღდგენითი სამუშაოები თბილისის მერიას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

    “დედაქალაქის მთავრობამ მოამზადა ვერეს ხეობის სივრცით – ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს “მზიურის” პარკის პროექტირება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია პარკის მშენებლობა”,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
    ​მათივე თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მდინარე ვერეზე თბილისის მერიის მიერ შეძენილი წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დაამონტაჟა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.

    2015 წლის 13 ივნისის ღამით მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ, 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 2 ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და თბილისის ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც.

    სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისე ჩაება.
    “უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივ. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები, როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გადმორიცხეს. სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით, 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს, ასევე „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ 10 მილიონ 250 ათას ლარს”, – აცხადებენ მერიაში.


პარტნიორები