სიახლეები
-
12 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილეს ინვესტორად რჩება
მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნიდან განხორციელებული ინვესტიციები 29%-ით შემცირდა, აზერბაიჯანი მაინც საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად რჩება.
აზერბაიჯანმა 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 97 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 24%-ს შეადგენს. ამგვარად, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად რჩება, თუმცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეზობელი ქვეყნიდან განხორციელებული ინვესტიციები 29%-ით შემცირდა.
ამ მხრივ მეორე ადგილზეა თურქეთი — 82 მილიონი დოლარის ინვესტიციებით (20%), ხოლო მესამეზე — დიდი ბრიტანეთი — 80 მილიონი დოლარით (20%).
2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, თურქეთიდან განხორციელებული ინვესტიციები 44%-ით გაიზარდა, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან — 82%-ით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში. 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 403,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 3,7%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში — 141 მილიონი დოლარი, რაც 2016 წლის
იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 35% მოდის.
2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა უძრავი ქონების სფეროში 80 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 281%-ით მეტია. უძრავ ქონებაზე 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 20% მოდის. 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საფინასო სექტორში 80 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით მეტია. უძრავ ქონებაზე 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 20% მოდის.




