სიახლეები
-
12 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შეაჩერეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულმა, აფხაზურმა, სომხურმა, თურქულმა და ტაჯიკურმა კომპანიებმა ანაკლიის ანალოგიური პორტის მშენებლობა შეაჩერეს. ამის შესახებ "პირველს" გალის რაიონიდან ადგილობრივებმა აცნობეს.
გალელების ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე გრუნტი არ აღმოჩნდა სათანადოდ მყარი იმისათვის, რომ ზედ პლატფორმა აშენებულიყო. თუმცა, ისინი პორტის მშენებლობის შეჩერებას აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებასაც უკავშირებენ, რომლის თანახმად, ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ, ამერიკისგან ყოველგვარი დახმარება შეეზღუდებათ.
რამდენიმე თვის წინ,"პირველთან" საუბარში ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფხაზეთის სანაპირო ზოლის 3 სოფელში რუსი ოკუპანტები ანაკლიის ანალოგიური პორტის მშენებლობას გეგმავდნენ.
პორტის მშენებლობისთვის, რომელიც დაახლოებით 43 ჰექტარის ფართობზე უნდა განლაგებულიყო, ოკუპანტებმა ტყეების გაჩეხვაც დაიწყეს. გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია კი, დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღებას ახორციელებდა.
ოფიციალური თბილისი აფხაზეთის ტერიტორიაზე პორტის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
საბოლოოდ დაუდგენელია, გადაიდო თუ არა, ან რა მიზეზით მოხდა მშენებლობის შეჩერება. ისიც გაურკვეველია, რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთში ანაკლიის ანალოგიური პორტის მშენებლობა რა მიზნებს ემსახურებოდა.