სიახლეები
-
10 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
კობი-გუდაურის 7.5კმ-იან საბაგიროს მშენებლობა
გუდაური კვლავ ყველაზე მიმზიდველი სათხილამურო კურორტია, - კურორტმა 276,000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა სეზონის განმავლობაში (+37.1% წ/წ). G&T-ის ინფორმაციით, გუდაურში გასამმაგებულია ვიზიტორების რაოდენობა 2011-2012 წლის შემდეგ, როდესაც კურორტს დაახლოებით 89,000 ვიზიტორი ეწვია.
"რუსეთის საზღვართან სიახლოვე კურორტს რუსი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ამ ეტაპზე გუდაური დამსვენებლებს სთავაზობს 10 საბაგიროს 70კმ-იანი ტრასებით სადაც შესაძლებელია როგორც თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი, ასევე პარაგლაიდინგი და ჰელისკიინგი. მთის კურორტების განვითარების კომპანია და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობენ კობი-გუდაურის 7.5კმ-იან საბაგიროს მშენებლობაზე, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს გუდაურსა და ყაზბეგს. პროექტი სავარაუდოდ 2018 წელს დასრულდება. გარდა ამისა, ხელოვნური გათოვლიანების მიზნებისთვის მოეწყობა ხელოვნური ტბაც, რაც ხელს შეუწყობს გუდაურში სეზონის გახანგრძლივებას.
კომპანია რედ-კო გუდაურის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიამ წარადგინა ფაზიანი პროექტი, რომელიც მომზადებულია Ecosign-ის მიერ შექმნილი გუდაურის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით. რედ-კომ შეიძინა 50 ჰექტარი მიწა დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად. რედ-კო ამჟამად ფლობს ოთხ აპარტოტელს ახალ გუდაურში, სადაც დაახლოებით 350 ოთახია განთავსებული. მასშტაბური პროექტი მოიცავს 26 ახალი შენობის აშენებას რომელთა შორის იქნება სასტუმროები, აპარტოტელები, საკუთარი სახლები და კოტეჯები, ჯამში დაახლოებით 4,200 ახალი საწოლი, - განმარტავენ G&T-ში.