მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ივნისი  2017

    "სამშენებლო კომპანიები მოძველებული ტექნიკური რეგლამენტით მუშაობენ და იქ გაწერილ წესებსაც არ ასრულებენ"

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამშენებლო ინსპექციის" დამფუძნებელი თამაზ ედიშერაშვილი მიიჩნევს, რომ სანამ შესყიდვებისა და ტენდერების სფეროში რეფორმებზე ვისაუბრებთ, მანამდე ძირეულ პრობლემებზე ჩაღრმავებაა საჭირო. ამის შესახებ მან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სამშენებლო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ „კომერსანტს"განუცხადა.

    ედიშერაშვილის თქმით, სამშენებელო სფეროში პრობლემების სათავე კადრების ნაკლებობიდან იწყება.

    „მშენებლობაში იმდენი პრობლემაა, რომ ტენდერების ან შესყიდვების თემა ყველაზე ბოლოს განსახილველია. შესყიდვებამდე ძირეული პრობლემები არსებობს და ჯერ მათ მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ. ყველაფერი იწყება კადრების პრობლემიდან. რომ ნახოთ თუნდაც ტექნიკურ უნივერსიტეტში რასაც ასწავლიან, გაოცდებით. ჩათვალეთ, რომ დღეს, მშენებლობის სფეროში კადრების დიდი ნაკლებობაა. ჩემს თაობაში კიდევ მოიძებნებიან პროფესიონალები, მაგრამ ახალგაზრდა მშენებლები ფაქტობრივად, არ გვყავს. სანამ ზედა პრობლემებს განვიხილავთ, პირველ ადგილზე მდგარ პრობლემებს უნდა მივხედოთ, თორემ რამდენიმე წელში სამშენებლო სფეროში კადრი საერთოდ არ გვეყოლება",- აღნიშნა ედიშერაშვილმა.


    მისივე თქმით, სამშენებლო სამართალი და უსაფრთხოების წესების დაცვა მშენებლობაში კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა.

    „სამშენებლო სამართალი არის ასევე ძირეული პრობლემა. თუნდაც კომპანია „ცენტრ პოინტის" საქმე რომ ავიღოთ, ესეც კმარა. მოუწესრიგებელია ტექნიკური რეგლამენტის სისტემა. საჭიროა ახალი რეგლამენტი, რადგან ძველს არავინ ასრულებს. სახლები რა ხარისხით შენდება, მაგაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. ეკოლოგიას არავინ უყურებს, სანტექნიკურ ნორმებს არ იცავენ და კიდევ ბევრი რამის გამოყოფა შეიძლება. ძალიან ფაქიზია უსაფრთხოების თემაც. ბოლო თვეებში უკვე რამდენიმე შემთხვევა გავიგეთ, რომ მშენებლობაზე მუშა დაზიანდა ან გარდაიცვალა. მაკონტროლებელი არავინ არ არის და შესაბამისად, პასუხსაც არავინ არ აგებს. ვითომ კონტროლი არსებობს, მაგრამ ვინც აკონტროლებს, მაშინ ყველაფერს თავის თავზე უნდა იღებდეს – ამას ნიშნავს კონტროლი და მონიტორინგი. თუნდაც ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედია რომ ავიღოთ, ორი წელი გავიდა და დღემდე პასუხი არავის უგია",- განაცხადა თამაზ ედიშერაშვილმა.

     


    ავტორი: თეონა კენჭიაშვილი


პარტნიორები