მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ივნისი  2017

    თბილისში უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო გზა თითქმის 2 მეტრით გაფართოვდება

    თბილისის ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ხშირი საცობების თავიდან ასაცილებლად, გზის გაფართოების სამუშაოები სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გზაჯვარედინზე ავტომობილების სავალი ნაწილი 1,7 მეტრით გაფართოვდება, ანუ გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებითაც, ავტომობილები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ.
    ავტონაკადების განტვირთვის მიზნით, გზის რეკონსტრუქცია, გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს. უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე გზის გაფართოება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირი საცობების გამო გადაწყდა.

    მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უკვე განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების – “სილქნეტის”, “მაგთისა” და “ახალი ქსელების” კაბელების შესაბამის ნიშნულზე მიყვანა. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ადგილმდებარეობა შეუცვალეს შუქნიშნებს, ბილბორდებსა და განათების ბოძებს. უახლოეს მომავალში იგეგმება ავტობუსების განრიგის ტაბლოს გადატანა.

    პროექტს დადებითად აფასებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე და აცხადებს, რომ უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთა ერთ-ერთი კონფლიქტური წერტილია.
    მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მომავალ ნაკადს თითქოს არაფერი უნდა უშლიდეს ხელს მარჯვნივ მოხვევის თვალსაზრისით, რადგან მათ მარჯვნივ მოხვევის ისარი მუდმივად ჩართული აქვთ. მაგრამ რეალურად, პირდაპირ წამსვლელი ავტომობილის მძღოლები მარჯვნიდან “გაძრომის” სურვილით ხერგავენ მარჯვნივ მოხვევის ზოლს.

    “ამ მიზნით, ხორციელდება საკმაოდ სოლიდური ინფრასტრუქტურული ჩარევა და მარჯვნივ მოხვევის ზოლის სრულყოფილ ზოლად, ანუ უწყვეტი მოძრაობის ზოლად მოდიფიცირების პროექტი. მარჯვნიდან “გაძრომის” მსურველებსაც გადაეკეტებათ შესაძლებლობა, დარღვევით შევიდნენ ზოლში,”- განმარტავს შალვა ოგბაიძე.

    პროექტის გაცნობისას მოქალაქეთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ გზაჯვარედინზე ასევე დასარეგულირებელია შუქნიშნის ფაზები, რომლებიც არასწორად არის განაწილებული.
    ​პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისი“ აწარმოებს. გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.

     


პარტნიორები