სიახლეები
-
02 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
ენერგოეფექტური ნორმების დაცვის შემთხვევაში უძრავი ქონების ღირებულება სავარაუდოდ, 8-12%-ის ფარგლებში გაიზრდება
ენერგოეფექტური ნორმების დაცვის შემთხვევაში უძრავი ქონების ღირებულება სავარაუდოდ, 8-12%-ის ფარგლებში გაიზრდება. ამის შესახებ "საქმის კურსს" ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსმა მარიტა არაბიძემ ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ საუბრისას განუცხადა.
მისი განმარტებით, სამოქმედო გეგმით, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მიხედვით მომზადდა, სამშენებლო სექტორს ენერგოეფექტური მასალების გამოყენების ვალდებულება ექნება, რაც ერთის მხრივ მოსახლეობის ენერგომოხმარების ხარჯებს დაზოგავს, თუმცა თავად შენობის ღირებულებას გაზრდის.
"მშენებლები ფიქრობენ, რომ ეს ძალიან გააძვირებს შენობას, მაგრამ უხეში დათვლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ევროპაში ეს 18-25%-ის ფარგლებშია, საქართველოს პირობებში შეიძლება, 8-12%-ის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება საჯარო სექტორის შენობებში გასატარებელ ენერგოეფექტურ ღონისძიებებს, შეიძლება შედარებით იაფი მიმართულებით, მაგალითად განათების სექტორში ცვლილებით დავიწყოთ - მოხდეს ენერგოეფექტური ნათურებით შენობების აღჭურვა, რაც ენერგიის დაზოგვის დიდ შესაძლებლობას მოგვცემს და ამის შემდეგ შეიძლება, თვითონ შენობების ენერგოეფექტურად მოდიფიცირება განვიხილოთ“, - განმარტა მარიტა არაბიძემ.
მისივე ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა საბოლოო ეტაპზეა.
"სხვადასხვა უწყებებს დოკუმენტში საბოლოო ცვლილებები შეაქვთ. გეგმის მომზადებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაგვეხმარა. ეს გეგმა სამწლიანი იქნება და სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს: მშენებლობას, ტრანსპორტს, ინდუსტრიას, საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ა.შ", - აღნიშნა მან.



